ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიდერთა განვითარების აკადემია გაიხსნა
ახალი ამბები
1-ლ მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD Georgia) 2017 წლის პროგრამა გაიხსნა. პროგრამა გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენსის ფუკუიამამ.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესორ ფრენსის ფუკუიამას ხელმძღვანელობით შეიქმნა, 1-7 მარტს გადამზადებას გაივლის საჯარო, ბიზნესისა თუ სამოქალაქო სექტორის 35-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი როგორც საქართველოდან, ისე სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან.
მათთვის, პროფესორ ფუკუიამასთან ერთად, ლექციებს წაიკითხავენ: ლიდერთა განვითარების აკადემიის თანადამფუძნებელი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (SAIS) პროფესორი, როჯერ ლიდსი; ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის პროფესორი, კენტ ვივერი; მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, დევიდ კრამერი; ჟურნალ „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი; გამომცემლობა „პინგვინ რენდომ ჰაუსის“ ყოფილი დირექტორი, ჯონ მაკინსონი.
პროგრამის დამფუძნებლები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC). საქართველოში პროგრამის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გალერეა