ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების და გარემოსდაცვით მიმართულებათა პროფესორების განცხადება

ახალი ამბები

ჩვენ ვსაუბრობთ სამაგისტრო პროგრამაზე „ბუნების დაცვა და მეტყევეობა“, რომელიც სტუდენტებს „ბუნებათსარგებლობის“ (Natural Resources) უნიკალურ კვალიფიკაციას ანიჭებს. ამ პროგრამის გაუქმება ან სასწავლო-კვლევითი პროცესიდან ჩამოშორება დაუშვებელია და ქვეყნისთვის დამაზიანებელია. აი, 4 მთავარი მიზეზი, თუ რატომ:

1. უალტერნატივო საერთაშორისო სტატუსი
ეს არის ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებით მაგისტრის კვალიფიკაციას გასცემს.

პროგრამა შექმნილია DAAD-ისა და გერმანელი პროფესორების უშუალო მონაწილეობით. ისინი დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი სწავლების პროცესში. ჩვენი სტუდენტები იღებენ არა ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონის განათლებას და მონაწილეობენ საერთაშორისო კვლევებში;

2. სასიცოცხლო მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის
ეს არ არის მხოლოდ აკადემიური სივრცე – ჩვენი პროგრამა პირდაპირ ემსახურება სახელმწიფოს გარემოსდაცვით პოლიტიკას. კერძოდ,

კლიმატის ცვლილება: ჩვენ ვაწვდით სახელმწიფოს კვლევებზე დაფუძნებულ მონაცემებს ნახშირბადის მარაგების შესახებ. ამის გარეშე ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.

დაცული ტერიტორიები: ჩვენი 14 ნაკრძალისა და 15 ეროვნული პარკის მართვა წარმოუდგენელია ეკოსისტემების შეფასებისა და მონიტორინგის გარეშე, რასაც სწორედ ეს პროგრამა უზრუნველყოფს.

ბიომრავალფეროვნება: ჩვენ ვართ მეცნიერულად გამართული ინფორმაციის ძირითადი მიმწოდებლები. ამ მონაცემების გარეშე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მდგრადი და სწორი გადაწყვეტილებების მიიღება თითქმის შეუძლებელი იქნება.

3. უნიკალური ტექნოლოგიური და სამეცნიერო ბაზა
პროგრამას გააჩნია თანამედროვე უნიკალური ტექნიკური რესურსი, რომელსაც სწავლის და კვლევის დროს იყენებენ ჩვენი სტუდენტები. ამის გამო ჩვენი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი ანალიტიკური უნარებით და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნით. სხვა ინსტიტუციებს უბრალოდ არ გააჩნიათ შესაბამისი ექსპერტული და ლაბორატორიული რესურსი ისეთი კვლევითი მიმართულებებისთვის, როგორიცაა:

დისტანციური ზონდირება (Remote Sensing) ტყის და ბიომრავალფეროვნების მაღალტექნოლოგიური მონიტორინგისთვის.

დენდროქრონოლოგია – კლიმატის ანალიზი და პროგნოზირება ხის წლიური რგოლების მეშვეობით. ასევე ტყის რესურსის ეფექტური და მდგრადი გამოყენებისათვის საჭირო მონაცემები.

მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდებით ტყის დაავადებებისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა.

4. ეკონომიკური წვლილი და პრაქტიკული ღირებულება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების ძირითად ბირთვს სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.

ჩვენი გუნდი სისტემატურად ასრულებს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დაკვეთებს. ფაქტია – 2025 წლის დეკემბერში მოვიგეთ სატყეო სააგენტოს 1 100 000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი. ეს ცალსახად ადასტურებს ჩვენი გუნდის მაღალ კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ, სასიცოცხლო საჭიროებას ქვეყნისთვის.

შესაბამისად, ამ ინსტიტუციის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორება ნიშნავს ქვეყანაში არსებული ერთადერთი ინტელექტუალური ჰაბის გაუქმებას, სადაც ერთიანდება კვლევა, სწავლება და პრაქტიკა. ეს გამოიწვევს დარგის სამეცნიერო დეგრადაციას და სახელმწიფოს დატოვებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის უმთავრესი, მეცნიერული საყრდენის გარეშე.

2026

ბანერები