ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების აკადემიური პერსონალის, სტუდენტების და კურსდამთავრებულების განცხადება
განცხადებები
„არქიტექტურის პროგრამების შენარჩუნება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ქვეყნის მომავლის – მისი სივრცითი, კულტურული და მდგრადი განვითარების – საკითხიცაა“
არქიტექტურა ინტერდისციპლინური სფეროა, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა აკადემიური დისციპლინის, მათ შორის სოციალური მეცნიერებების, გარემოს კვლევების, ჰუმანიტარული მიმართულებებისა და ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სინთეზს. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის პროგრამების არსებობა, რადგან უნივერსიტეტის აკადემიური გარემო ქმნის თანამედროვე, კრიტიკული და კონტექსტზე ორიენტირებული არქიტექტურული განათლების საიმედო პლატფორმას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წელს ჩამოყალიბდა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2011 წლიდან ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამაც. დაარსების დღიდან მიზნად დავისახეთ ისეთი თავისუფალი და თანასწორი სასწავლო და სააზროვნო სივრცის შექმნა, რომელიც სტუდენტებს შემოქმედებითი ზრდის და თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამები ტექნოლოგიების სკოლის ნაწილია, რაც სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებასთან კავშირს უზრუნველყოფს. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიურ მიმართულებებთან მჭიდრო კავშირი არსებითია, რაც ჩვენი პროგრამების ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამებმა პირველად საქართველოში დაიწყო სასწავლო პროცესში მდგრადი განვითარების პრინციპების სისტემური დანერგვა. დღეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიდგომების არქიტექტურულ პრაქტიკაში ინტეგრირებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ კლიმატის ცვლილებების ეპოქაში მომავალ არქიტექტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა.
როგორც პროგრამების შემუშავების, ისე სასწავლო მეთოდების გაუმჯობესებისა და კვლევითი პროექტების განხორციელების პროცესში, მუდმივად ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ორგანიზაციებთან და არქიტექტურულ სახელოსნოებთან. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ და გავიზიაროთ თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციები და სწავლების პროცესში დავნერგოთ ახალი მიდგომები. პროგრამების საკვანძო კომპონენტებია საერთაშორისო სემინარები, ვორკშოპები, კონკურსები და გაცვლითი პროგრამები. ამჟამად არქიტექტურის პროგრამა თანამშრომლობს არაერთ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტთან, მათ შორის: ბრაუნშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია), RWTH ახენის უნივერსიტეტთან (გერმანია), მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (იტალია), დანიის სამეფო ხელოვნების აკადემიასთან (კოპენჰაგენი, დანია), KTH სტოკჰოლმის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან (შვედეთი), ავეიროს უნივერსიტეტთან (პორტუგალია) და სხვა პარტნიორებთან.
ჩვენი პროგრამების კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალი ცოდნის შექმნა და მისი სასწავლო პროცესთან მჭიდრო დაკავშირებაა. დაარსების დღიდან სტუდენტების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა არაერთი წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტი, მათ შორის: „აგორა საქართველო – ორმაგი ლანდშაფტის კვლევა: ჭიათურა, წყალტუბო“, „თბილისი როგორც ფორმალური და არაფორმალური სივრცე“, „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“, ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“, „საბურთალოს ურბანული ცვლილებები – თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია საბურთალოს მაგალითზე“ (მიმდინარე).
ასევე შემუშავებულია ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „მდგრადი ურბანული დაგეგმარება“ (Sustainable Urban Planning). ეს იქნება საქართველოში პირველი პროგრამა, რომელიც ურბანული დაგეგმარების მაგისტრის კვალიფიკაციას მიანიჭებს.
არქიტექტურის პროგრამების გაუქმება გამოიწვევს:
- იმ აკადემიური პლატფორმის დაკარგვას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური და კვლევაზე ორიენტირებული გარემოს ფარგლებში უზრუნველყოფს თანამედროვე, კრიტიკულ და კონტექსტზე ორიენტირებულ არქიტექტურულ განათლებას;
- ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტების შეწყვეტას, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს არქიტექტურაში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების განვითარებას;
- საერთაშორისო აკადემიური კავშირების დაკარგვას, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს თანამედროვე ცოდნაზე წვდომას, შეამცირებს სტუდენტების განვითარების შესაძლებლობებს და დაასუსტებს მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სივრცეში;
- სტუდენტების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას;
- აკადემიური გარემოს მრავალფეროვნების შესუსტებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება როგორც არქიტექტურის პროფესიის განვითარებაზე, ისე ქვეყნის სივრცითი, ურბანული და მდგრადი განვითარების ხარისხზე და დაასუსტებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ არქიტექტურის პროგრამების შენარჩუნება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ქვეყნის მომავლის – მისი სივრცითი, კულტურული და მდგრადი განვითარების – საკითხიცაა.
მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აკადემიურ და ფართო საზოგადოებას, ჩვენთან ერთად დაიცვან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ეს და სხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კვლევითი პლატფორმები, რომელთა გაუქმება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს როგორც უნივერსიტეტს, ისე ქვეყნის მომავალს.
2026