ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „ჰორიზონტი ევროპის" ახალ პროექტში ჩაერთო

ახალი ამბები

ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon) ახალ კვლევით პროექტში „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACing changE: Overcoming Blockages and advancing democracy in the European Neighbourhood (EMBRACE)).

პროექტის მიზანია ევროპის სამეზობლოში დემოკრატიზაციის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მიღებული ცოდნით პროდემოკრატიული აქტორების გაძლიერება.

პროექტი შედარებითი ხასიათისაა და შეისწავლის ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებს ევროკავშირის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ სამეზობლოში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულები არიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები გიორგი გვალია და დავით აფრასიძე. ილიაუნის გუნდი გაუძღვება საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებული ემპირიული შემთხვევების შესწავლას, ასევე წვლილს შეიტანს პროექტის თეორიული ჩარჩოსა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში.

პროექტის კოორდინატორია ბერგჰოფის ფონდი (გერმანია), ხოლო სამეცნიერო კოორდინატორი - კონსტანცის უნივერსიტეტი (გერმანია). კონსორციუმში, ილიაუნის გარდა, შედიან ლერიდას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი (შვედეთი), გენტის უნივერსიტეტი (ბელგია), მანჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბელგრადის უნივერსიტეტი (სერბეთი), ევროპული და საგარეო პოლიტიკის ბერძნული ფონდი (საბერძნეთი), ევროპის კვლევების უკრაინული ასოციაცია (უკრაინა), არაბული რეფორმის ინიციატივის ცენტრი (საფრანგეთი), კვლევების მართვის კომპანია Concentris (გერმანია), პალესტინის სტრატეგიული კვლევების ცენტრი PalThink (პალესტინა).

პროექტის ფარგლებში 19-21 ოქტომბერს შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა ბერლინში, სადაც კონსორციუმის წევრებმა იმსჯელეს საკვლევი რეგიონებისა და ქვეყნების თავისებურებებზე, ასევე, დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვან ზოგად, სტრუქტურულ და ინსტიტუციურ პირობებზე. მომავალი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის აპრილში და მეთოდოლოგიურ ასპექტებს მიეძღვნება. მანამდე ემპირიული კვლევისთვის მზადება სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, დისტანციურად გაგრძელდება.

2022 წელი

ბანერები