ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

იდეიდან ინოვაციამდე – ELICIA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა და იდეათონი AI, Robotics & Creative Innovation for Real-World Challenges

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და Zoomout პრე-აქსელერატორი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, პროექტ ELICIA-ს ფარგლებში, აცხადებენ მიღებას 6-კვირიან პრე-აქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მეწარმეობას, კრეატიულობასა და რეალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულ ინოვაციას.

ELICIA-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია ისეთი ინოვაციური იდეების, პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (AI), რობოტიკისა და კრეატიული ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური გამოწვევების გადაჭრას ემსახურება. პროგრამა მონაწილეებს დაეხმარება საწყისი იდეებისა და კონცეფციების პრაქტიკულ, სიცოცხლისუნარიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში – პროტოტიპირების, მენტორინგისა და სამეწარმეო მხარდაჭერის გზით.

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ სამუშაო სესიებს, იმუშავებენ იდეის განვითარებაზე, პრობლემისა და სამიზნე მომხმარებლის საჭიროებათა განსაზღვრაზე, გადაწყვეტის ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და პროტოტიპის შექმნაზე. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან როგორც ადგილობრივი, ისე ELICIA-ს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მენტორები და დარგის ექსპერტები იდეების ტექნოლოგიური, სამეწარმეო და კომერციული პოტენციალის შეფასებასა და განვითარებაში.

14–15 ნოემბერს პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართება  იდეათონი, რომლის მთავარი თემაა რობოტიკა, AI და კრეატიული ინდუსტრია.  შერჩეული გუნდების იდეათონში მონაწილეობა სავალდებულოა –  მონაწილეები ინტენსიურად განაგრძობენ საკუთარ პროექტებზე მუშაობას, მენტორებისა და ექსპერტების დახმარებით დახვეწენ გადაწყვეტილებებს, განავითარებენ პროტოტიპებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს (Pitch) და საკუთარ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ.

იდეათონის შემდეგ გამოვლინდება ორი გამარჯვებული იდეა, რომელთა პრეზენტატორი გაემგზავრება თურქეთში, საერთაშორისო ELICIA Demo Day-ზე სრულად დაფინანსებული ვიზიტით. მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტილებები წარადგინონ საერთაშორისო ჟიურისა და ინვესტორების წინაშე, მიიღონ უკუკავშირი და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები.

იდეათონით არ სრულდება პრე-აქსელერაციის პროგრამა. მონაწილეები განაგრძობენ პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს, ხოლო გამარჯვებული გუნდები დამატებით გაივლიან საერთაშორისო მენტორინგისა და მომზადების ეტაპს, რომელიც მათ Demo Day-ზე საკუთარი პროექტების ეფექტიანად წარდგენაში დაეხმარება.

პრე-აქსელერაციის თემატიკა მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, რობოტიკას, ჭკვიან სისტემებს, კრეატიულ ინდუსტრიებს.

მნიშვნელოვანი პირობა: წარმოდგენილი იდეა უნდა უკავშირდებოდეს პროგრამის ერთ ძირითად მიმართულებას მაინც – Creativity, Artificial Intelligence (AI) ან Robotics. განსაკუთრებით წახალისებულია იდეები, რომლებიც ამ მიმართულებებს აერთიანებს.

პროგრამა ხორციელდება ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის EIT HEI Initiative-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – ELICIA (Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship) ფარგლებში. პროექტის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, დისციპლინათშორისი თანამშრომლობის განვითარება და ინოვაციური იდეების პრაქტიკულ განხორციელებაში მხარდაჭერა. პროექტ ELICIA-ს ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ კვლევას, ექსპერიმენტირებასა და ინოვაციური პროექტების განვითარებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ აპლიკანტებს, ისე გუნდებს. პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მკვლევრებისთვის, ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, დეველოპერებისთვის, ინჟინრებისთვის, დიზაინერებისთვის, მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მონაწილეობის ძირითადი პირობები:

  • მონაწილეთა ასაკი – 18+;
  • გუნდის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • გუნდის ერთი წევრი მაინც უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, რადგან საერთაშორისო მენტორინგისა და Demo Day-ის სამუშაო ენა ინგლისურია;
  • აპლიკანტები მზად უნდა იყვნენ, აქტიურად ჩაერთონ პრე-აქსელერაციის პროგრამასა და 14–15 ნოემბრის იდეათონში.

წარმოდგენილი იდეა

  • დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამის ძირითად თემატურ მიმართულებებთან (რობოტიკა, AI, კრეატიული ინდუსტრია);
  • უნდა გამოირჩეოდეს ინოვაციური ან კრეატიული მიდგომით, გადაწყვეტით ან ტექნოლოგიის გამოყენების განსხვავებული ფორმით;
  • უნდა იყოს იდეის, კონცეფციის ან ადრეული პროტოტიპის ეტაპზე – მზა პროდუქტის ან MVP-ის არსებობა სავალდებულო არ არის;
  • ჰქონდეს შემდგომი განვითარების, ტესტირებისა და პროტოტიპირების რეალური შესაძლებლობა.

მონაწილეთა შერჩევა

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თემატური შესაბამისობა – კავშირი პროგრამის ძირითად მიმართულებებთან;
  • ინოვაციურობა – იდეის განსხვავებული ან კრეატიული მიდგომა;
  • განხორციელებადობა და განვითარების პოტენციალი – იდეის შემდგომი განვითარებისა და ტესტირების შესაძლებლობა;
  • მონაწილეობის მზაობა – პროგრამის აქტივობებში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.

პროგრამის განრიგი და ფორმატი

6-კვირიანი პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყება 3 ნოემბერს. შეხვედრები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაო სესიებს, გუნდურ კონსულტაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორინგს.

14–15 ნოემბერს გაიმართება ორდღიანი ELICIA Ideathon, რომლის შემდეგაც მონაწილეები პრე-აქსელერაციის პროგრამას განაგრძობენ.

შენიშვნა: პროგრამის მიმდინარეობისას შესაძლებელია შეხვედრების დღეების ცვლილება ან დამატებითი სესიების დანიშვნა, რის შესახებაც შერჩეულ მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ.

რეგისტრაცია:

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ საკუთარი იდეის მოკლე აღწერა, მისი ინოვაციური ელემენტები, კავშირი პროგრამის თემატურ მიმართულებებთან და განვითარების მიმდინარე ეტაპი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/8P1kwM3hda1gb6Dv9

დამატებითი კითხვებისთვის: fablab@iliauni.edu.ge

2026

ბანერები