EfxINNOs-ის რეგიონული ჰაკათონი საქართველოში – მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და გარემოსდაცვითი მეცნიერებებით, ზღვის კვლევებით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ პირებს იწვევს EfxINNOs-ის რეგიონულ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება 14-15 ნოემბერს თბილისში გაიმართება.
ჰაკათონის მიზანია ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შექმნა შავი ზღვის გარემოს მონიტორინგისა და მდგრადი მართვისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ EfxINNOs პროექტის ფარგლებში იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის ჭკვიანი ქერქეჭელებით, სატელიტური გამოსახულებებით მიღებულ საზღვაო მონიტორინგის მონაცემებზე და შექმნან პრაქტიკული პროტოტიპები, აპლიკაციები, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები ან გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემები.
ჰაკათონის ძირითადი თემატური მიმართულებები
მონაწილეებს შეუძლიათ შეიმუშაონ ინოვაციური გადაწყვეტილებები შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ფარგლებში:
სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემების მონიტორინგი – ბიომრავალფეროვნების შეფასების, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგისა და სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემებში მიმდინარე ცვლილებების გამოვლენის ციფრული ინსტრუმენტები.
საზღვაო ეკოსისტემების აღდგენა – მოწყვლადი საზღვაო ჰაბიტატების გამოვლენის, აღდგენითი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრისა და ეკოსისტემების აღდგენის პროცესის მონიტორინგის ინოვაციური საშუალებები.
საზღვაო მონაცემთა დამუშავება და ვიზუალიზაცია – გეოსაინფორმაციო სისტემებზე (GIS) დაფუძნებული აპლიკაციები, ინტერაქტიული საინფორმაციო პანელები, ვებპლატფორმები და ზღვის გარემოს მონიტორინგის მონაცემთა დამუშავების, ინტეგრაციისა და ვიზუალიზაციის სხვა ინსტრუმენტები.
ხელოვნური ინტელექტი ზღვის გარემოს მონიტორინგისთვის – ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენება წყალქვეშა გამოსახულებების ანალიზის, ობიექტებისა და ანომალიების გამოვლენის, ჰაბიტატების კლასიფიკაციისა და გარემოში მიმდინარე ცვლილებების შეფასებისთვის.
ციფრული გადაწყვეტილებები საზღვაო სივრცის მართვისთვის – მონაცემებზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზღვაო სივრცის დაგეგმვას, გარემოსდაცვით მართვასა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი ლურჯი ეკონომიკისთვის – ტექნოლოგიები და ციფრული სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზღვაო რესურსების მდგრად მართვას, გარემოს დაცვასა და შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას.
ჰაკათონის მონაწილეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებსა და EfxINNOs-ის პროექტის ექსპერტებთან, ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და საკუთარ იდეებს პრაქტიკულ პროტოტიპებად განავითარებენ, რომელთა შემდგომი დახვეწა და რეალურ გარემოში გამოყენება იქნება შესაძლებელი.
თბილისიდან საერთაშორისო ჰაკათონამდე - ვარნაში
საქართველოში გამართული რეგიონული ჰაკათონი EfxINNOs-ის საერთაშორისო ფინალური ჰაკათონის შესარჩევი ეტაპია, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება.
საუკეთესო იდეისა და პროტოტიპის წარმდგენი გუნდი შესაძლებლობას მიიღებს, საქართველო საერთაშორისო ღონისძიებაზე წარმოადგინოს, საკუთარი გადაწყვეტა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს და პროექტის პარტნიორი სხვა ქვეყნებიდან შერჩეულ გუნდებს გაუწიოს კონკურენცია.
ჰაკათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს?
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მქონე პირებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ცოდნითა და იდეებით წვლილი შეიტანონ შავი ზღვის მდგრადი მომავლის შექმნაში.
კრიტერიუმები კანდიდატებისთვის
კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჰაკათონის მონაწილეები სამწევრიან გუნდებად გაერთიანდებიან.
ინგლისური ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა.
განსაკუთრებით წახალისებულია სხვადასხვა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მქონე მონაწილეებისგან დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობა.
პროგრამირების ცოდნა გუნდის ყველა წევრისთვის სავალდებულო არ არის!
ჰაკათონის მიზანია გააერთიანოს გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური, საინჟინრო და სოციალურ-ეკონომიკური ცოდნა. მთავარია იდეა, გუნდური მუშაობის სურვილი და ინტერესი შავი ზღვის მომავლის მიმართ.
ღონისძიების დეტალები და რეგისტრაცია
თარიღი: 2026 წლის 14-15 ნოემბერი
ადგილი: თბილისი, საქართველო (ზუსტი მისამართი შერჩეულ მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი
მონაწილეობის ფორმატი: სამწევრიანი გუნდები
რეგისტრაცია: მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჰაკათონის ფორმატისა და წესების შესაბამისად, მონაწილეები ვალდებული იქნებიან, ღამეც დარჩნენ ღონისძიების ჩატარების ადგილზე და განაგრძონ საკუთარ პროექტებზე მუშაობა. მთელი ღონისძიების განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება.
ორდღიანი ჰაკათონის პროგრამა მოიცავს გუნდურ მუშაობას, პრობლემების ერთობლივად გადაჭრას, იდეების განვითარებას, პროექტის ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრებსა და შემუშავებული გადაწყვეტილებების პრეზენტაციას.
ჰაკათონის დეტალური პროგრამა
ღონისძიების, მონაწილეობის წესებისა და დაგეგმილი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ EfxINNOs-ის რეგიონული ჰაკათონის ვებგვერდზე.
შემოგვიერთდით და მეცნიერების, მონაცემების, შემოქმედებითი აზროვნებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ერთად შევქმნათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის მდგრადი მომავლისთვის!
EfxINNOs-ის პროექტის შესახებ
EfxINNOs-ის პროექტის ძირითადი მიზანია ზღვის გარემოს მონიტორინგისთვის ეკონომიკურად ეფექტიანი, ინოვაციური და მდგრადი პლატფორმების ქსელის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ის აერთიანებს პარტნიორებს ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან, ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ზღვის გარემოს მონიტორინგის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო ინოვაციების ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით. მისი საერთო ბიუჯეტია 1 643 648,40 ევრო.
2026