ჰალე-ვიტენბერგის მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილი
განცხადებები
შესაბამის პირთა საყურადღებოდ
მსურს გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიმართ და ამავდროულად – შეშფოთება მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეფორმის გამო, რომლის მიხედვითაც თითოეულ ქალაქში მხოლოდ ერთი სამედიცინო უნივერსიტეტი ან ფაკულტეტი უნდა არსებობდეს.
როგორც ჰალე-ვიტენბერგის მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის (Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg) პროფესორსა და ვისცერალური ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელს, ასევე ჰალეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (University Hospital Halle (Saale) ვისცერალური, სისხლძარღვთა და ენდოკრინული ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორს, შესაძლებლობა მქონდა საერთაშორისო აკადემიურ სამედიცინო საზოგადოებასთან თანამშრომლობის, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ მოიპოვა დადებითი და სანდო რეპუტაცია.
ჩვენს ინსტიტუციებს შორის არსებობს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც სამედიცინო განათლების, ასევე კვლევის მიმართულებით. ბოლო წლებში ქართველ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესწავლათ და გაევლოთ კლინიკური პრაქტიკა ჰალეში, მათ შორის ჰალეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ეს გაცვლითი პროგრამები თანმიმდევრულად ადასტურებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადებულ სტუდენტთა ძლიერ აკადემიურ საფუძველსა და დიდ მოტივაციას.
გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან ერთად ამჟამად ვმუშაობთ მედიცინის ერთობლივი ორმაგი სადოქტორო პროგრამის შექმნაზე. ეს ინიციატივა ასახავს ნდობას ჩვენი ქართველი პარტნიორის აკადემიური სტანდარტების, კვლევითი პოტენციალისა და ინსტიტუციური საიმედოობის მიმართ, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხარისხისა და გრძელვადიანი აკადემიური თავსებადობის მკაფიო შეფასების გარეშე.
ჩემი ინფორმაციით, მიმდინარე საკითხი, რომლის წინაშეც დგას სკოლა, არ უკავშირდება აკადემიურ ხარისხს, აკრედიტაციას ან საგანმანათლებლო სტანდარტებს. პირიქით, პროგრამას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო რეიტინგებში. ეს მაჩვენებლები ადასტურებს ინსტიტუციის ერთგულებას მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების, კვლევისა და კლინიკური მომზადებისადმი.
საერთაშორისო პერსპექტივიდან ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე ქალაქში ერთზე მეტი სამედიცინო ფაკულტეტის არსებობა უჩვეულო არ არის და თავისთავად არ ნიშნავს ხარისხის გაუარესებას. მაგალითად, გერმანიაში არსებობს ქალაქები, რომლებშიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან აფილირებული ერთზე მეტი სამედიცინო ფაკულტეტი ფუნქციონირებს და ამ სტრუქტურას არ მოუხდენია უარყოფითი გავლენა არც საგანმანათლებლო, არც კვლევით სტანდარტებზე. პირიქით, ასეთი მოდელი ხელს უწყობს აკადემიურ მრავალფეროვნებას, თანამშრომლობასა და ჯანსაღ კონკურენციას.
სამედიცინო განათლება მნიშვნელოვან სარგებელს იღებს ინსტიტუციური მრავალფეროვნებისგან, აკადემიური დამოუკიდებლობისა და კონკურენციისგან – ფაქტორებისგან, რომლებიც ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების შენარჩუნებასა და ინოვაციის წახალისებას. მარეგულირებელი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა უნებლიეთ დაასუსტოს ძლიერი და აკრედიტებული პროგრამები, ქმნის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობათა შემცირებისა და ჯანდაცვის სფეროს ადამიანური რესურსის გრძელვადიანი განვითარების შეფერხების რისკს.
ამიტომ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას, რათა განაგრძოს უწყვეტი ფუნქციონირება და სტუდენტთა მიღება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ შემოთავაზებული რეფორმის ფართო აკადემიური და საზოგადოებრივი გავლენა. ინსტიტუციები, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და დადებითი წვლილი შეაქვთ სამედიცინო განათლებაში, იმსახურებენ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას.
პატივისცემით
იორგ კლეეფი, MD, MHBA, FACS, FRCS
ჰალე-ვიტენბერგის მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის (Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg) პროფესორი, ვისცერალური ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი
ვისცერალური, სისხლძარღვთა და ენდოკრინული ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი, ჰალეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (University Hospital Halle (Saale)
2026