ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელის, პროფესორ ქრისტოფ მიხალსკის მხარდაჭერის წერილი ილიაუნის მედიცინის სკოლას
განცხადებები
ძვირფასო კოლეგებო,
მსურს გამოვხატო მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიმართ.
წლების განმავლობაში უშუალო პროფესიული ურთიერთობისა და თანამშრომლობის დროს მქონდა შესაძლებლობა, ახლოს გამეცნო მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები, დამენახა მათი ინტელექტუალური პოტენციალი, სამეცნიერო სიღრმე და ინსტიტუციური კულტურა. სკოლის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები და კლინიცისტები, რომელთა საქმიანობა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს. მათი სამეცნიერო პროდუქტიულობა, თანამედროვე სამედიცინო განათლებაში აქტიური მონაწილეობა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი გახსნილობა წარმოაჩენს მედიცინის სკოლის თანამედროვე სტანდარტებსა და წინსვლისკენ სწრაფვას.
პროფესიულმა ურთიერთობამ ასევე ნათლად დამანახა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მზარდი რეპუტაცია სამედიცინო მეცნიერებებში. მედიცინის სკოლამ განავითარა ღირებული საერთაშორისო პარტნიორობა და ჩამოყალიბდა კვლევაზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განათლების პრინციპების ერთგულ ინსტიტუციად. ეს შემთხვევითი არ არის; ეს განვითარება არის შედეგი მიზანმიმართული აკადემიური სტრატეგიის, ადამიანურ რესურსში ინვესტიციის და კულტურის, რომელიც აფასებს სამეცნიერო სიღრმეს.
ინსტიტუციები, რომლებიც წარმატებით ახერხებენ კვლევის, განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრაციას, აკადემიური სისტემების აუცილებელი საყრდენია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სწორედ ასეთი ინსტიტუციაა. თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია მისი წვლილი საქართველოში ბიოსამედიცინო კვლევებისა და თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებაში.
ამ მიზეზთა გამო მტკიცედ ვუჭერ მხარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის უწყვეტ ფუნქციონირებას და შემდგომ განვითარებას. ჯანსაღი აკადემიური კონკურენცია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ბოლო წლებში საქართველოს მედიცინის სკოლებს შორის კონკურენციამ აშკარად შეუწყო ხელი პირველი საფეხურის სამედიცინო განათლების გაუმჯობესებას, სტანდარტების ამაღლებასა და ინოვაციების დანერგვას. ამ კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვა საფრთხეს უქმნის დადებით დინამიკას და საგრძნობ გრძელვადიან ზიანს მიაყენებს ქვეყნის სამედიცინო განათლების ხარისხსა და საერთაშორისო რეპუტაციას.
საუკეთესო სურვილებით,
პროფესორი, მედიცინის დოქტორი ქრისტოფ მიხალსკი
კლინიკის ხელმძღვანელი
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის
ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის კლინიკა
ჰაიდელბერგი, 13.03.2026