ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გლაზგოს უნივერსიტეტის და CEERES-ის კონსორციუმის მხარდაჭერის წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს

განცხადებები

ძვირფასო პროფესორო დობორჯგინიძე,

უპირველეს ყოვლისა, გვსურს გამოვხატოთ მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენს ინსტიტუციებს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი პარტნიორობის მიმართ. მას შემდეგ, რაც 2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების (CEERES) საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება მოიპოვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა. ჩვენთვის საამაყოა, რომ CEERES-ის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (ტარტუს უნივერსიტეტთან ერთად) ვანიჭებთ ერთობლივ აკადემიურ ხარისხს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით – ორმაგ აკადემიურ ხარისხს.
ფასდაუდებელია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაწეული დარგობრივი აკადემიური წვლილი როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე რუსეთის კვლევების მიმართულებით. რეგიონული ცოდნის ეს სიღრმე და მასშტაბი მნიშვნელოვნად ამდიდრებს CEERES-ის კურიკულუმს და ხელს უწყობს კონსორციუმის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებას. განსაკუთრებით ვაფასებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილს პროგრამის მაღალი ინტელექტუალური სტანდარტისა და უნიკალური აკადემიური პროფილის ჩამოყალიბებაში.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებული შეფასებით სარგებლობს როგორც პარტნიორ ინსტიტუციებს, ისე სტუდენტებს შორის. 2017 წლიდან დღემდე CEERES-ის პროგრამის 39 სტუდენტმა მეორე სასწავლო წლის გასატარებლად სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია. საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი დადგენილებით, საქართველოში მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველი თითოეულ ნაკადზე ხუთი სტუდენტია, როცა თვითონ CEERES პროგრამას ამგვარი რაოდენობრივი შეზღუდვა არასოდეს დაუწესებია. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ სტუდენტთა ინტერესი წლიდან წლამდე იცვლება და ამ პროცესში მოქნილობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია პროგრამის აკადემიური ხარისხისა და მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად.

ეს ცვალებადობა ნათლად აისახა გასული წლების მონაცემებში. 2020-2022 წლების ნაკადიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვსმა სტუდენტმა აირჩია, ხოლო მომდევნო წელს ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2021-2023 წლების ნაკადიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი უკვე თორმეტმა სტუდენტმა გამოთქვა. აღნიშნული დინამიკა ცხადყოფს CEERES-ის სტუდენტებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგრად და ზოგ შემთხვევაში მკვეთრად მზარდ მიმზიდველობას, ინტერესს, რომლის დაკმაყოფილებაც მკაცრი რაოდენობრივი შეზღუდვების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.

პროგრამის მომდევნო ექვსწლიანი ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში, დარწმუნებული ვართ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც დარჩება ჩვენი სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მობილობის მიმართულებად. მადლიერნი ვიქნებით, თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განიხილავს ახლად დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვის გადახედვის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოქნილი და აკადემიურად მიზანშეწონილი ფორმით.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობას და მოუთმენლად ველით მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

პატივისცემით,
დოქტ. ანა დეკალჩუკი
CEERES პროგრამის დირექტორი
პროფ. ლუკა ანჩესკი
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEES) დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა | სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯი | გლაზგოს უნივერსიტეტი | Southpark Avenue, გლაზგო G12 8LE, გაერთიანებული სამეფო
გლაზგოს უნივერსიტეტი, საქველმოქმედო რეგისტრაციის ნომერი: SC00440
17 თებერვალი, 2026

ბანერები