ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის University of Goettingen მხარდაჭერის წერილი

განცხადებები

გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი აქსელ შიოლმერიხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უცხადებს მხარდაჭერას უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების დასაცავად. უმაღლესი განათლების რეფორმის მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით წერილში ხაზგასმულია აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის დაცვის აუცილებლობა, როგორც საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის საფუძველი.

„გიოტინგენის უნივერსიტეტი მხარს უჭერს პოლონეთის აკადემიური სასწავლებლების რექტორთა კონფერენციის, გერმანიის რექტორთა კონფერენციის, ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტების კონფერენციის (Österreichische Fachhochschulkonferenz), ავსტრიის უნივერსიტეტების კონფერენციის (Österreichische Universitätenkonferenz) და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციის ერთობლივ განცხადებას.

განცხადებაში „საქართველოში უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების დაცვა“ გამოხატულია შეშფოთება, საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის გამო, რომელიც „საფრთხეს უქმნის საქართველოში უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას“. კონცეფცია არა მხოლოდ გააუქმებს უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, არამედ საზიანო იქნება გერმანულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებული წარმატებული კვლევითი თანამშრომლობისთვისაც, მათ შორის ისეთი უნივერსიტეტისთვის, როგორიც ჩვენია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) გიოტინგენის უნივერსიტეტის სტრატეგიული რეგიონული პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა დაიწყო 2010 წელს შესაძლებლობების გაძლიერების (capacity building) პროექტებით და სწრაფად გაფართოვდა, გაიზარდა დაფინანსებაც, რასაც უზრუნველყოფდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების მაღალი დონე, სტრატეგიული მართვა, საერთაშორისო ორიენტაცია და კვლევის თავისუფლების მტკიცე ერთგულება. ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროექტი იყო „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“, რომელიც დაფინანსდა ფოლკსვაგენის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018-2023 წლებში. პროექტის ფარგლებში ცხრა მიმართულების თორმეტ დოქტორანტს ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ გიოტინგენისა და თბილისის მკვლევრები. ამდენად, ჩვენი პარტნიორობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებით ინტენსიურ კვლევით თანამშრომლობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო დაფინანსების მოსაპოვებლად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფა ზიანს მიაყენებს ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. ამდენად, საქართველოს უნივერსიტეტების სფეროში მიმდინარე პროცესებს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს.

თქვენ და თქვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებთ, რათა ეს შეშფოთების ხმა მისწვდეს მთავრობას და უზრუნველყოთ, რომ ქართველი მეცნიერები კვლავ იყვნენ ინტეგრირებულები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უნივერსიტეტის ძალისხმევა აკადემიური თავისუფლების დასაცავად შედეგს მოიტანს და ჩვენი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება“.

წყარო: გეორგ-აუგუსტის სახელობის გიოტინგენის უნივერსიტეტის პოსტი https://shorturl.at/VY8oV

2026

ბანერები