გერმანიის კვლევითი ცენტრების ღია წერილი უმაღლესი განათლების დაანონსებული რეფორმის შესახებ
განცხადებები
ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ხელმძღვანელი, პროფესორი სებასტიან შმიდტი ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრის (GSI), იულიხის კვლევითი ცენტრისა (FZJ) და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრის (HZDR) სახელით ღია წერილს აქვეყნებს საქართველოში დაგეგმილი უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ.
გერმანული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ რეფორმის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღონ რეფორმის საზიანო გავლენა საერთაშორისო თანამშრომლობაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს უმაღლესი განათლების გრძელვადიან განვითარებაზე.
„20 წელზე მეტია ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) გერმანულ კვლევით ინსტიტუტებსა და საქართველოს უნივერსიტეტებს აკავშირებს. ერთობლივი კვლევითი პროექტების, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი ბაზის განვითარების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა წარმატებული და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები უმეტესწილად თბილისის ინსტიტუტებთან, რამაც გააუმჯობესა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის გარემო.
შეშფოთებით გავეცანით უმაღლესი განათლების დაანონსებულ რეფორმას, განსაკუთრებით „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პუნქტის შესახებ. მიუხედავად რეფორმის მტკიცებისა, თითქოს აღნიშნული მიდგომა ორიენტირებულია ეფექტურობის გაუმჯობესებასა და რესურსების ოპტიმიზაციაზე, ვშიშობთ, რომ ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის საქართველოში უმაღლესი განათლების მრავალფეროვნებას, ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, რადგან ხელს უშლის ინტერდისციპლინურობას, ასევე საფრთხეს უქმნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში GGSB-ის მიერ ჩამოყალიბებულ ხანგრძლივ თანამშრომლობას.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინსტიტუციური ავტონომია და აკადემიური თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებათა ფუნდამენტური საყრდენებია, რომლებიც უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად განვითარდნენ, დანერგონ სიახლეები და განათლება მისცენ მეცნიერთა და მოქალაქეთა მომავალ თაობებს. სამეცნიერო კვლევის თავისუფლება ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. პოლიტიკამ, რომელიც ავიწროებს ფაკულტეტებს ან მიმართულია აკადემიური დაწესებულებების ცენტრალიზებულ კონტროლისკენ, შეიძლება უნებლიეთ შეასუსტოს ეს თავისუფლება და შეზღუდოს გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობები.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველომ პროგრესი განიცადა უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნისა და განვითარების თვალსაზრისით. ეს გზა მოიცავდა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, აკადემიური პროგრამების გაფართოებას, კვლევისა და მობილობის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) ამაყობს, რომ ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობით შეიტანა წვლილი ამ პროგრესში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერას.
მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, ყურადღებით განიხილონ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის მოსალოდნელი საზიანო გავლენა საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სამეცნიერო თავისუფლებასა და საქართველოს უმაღლესი განათლების გრძელვადიან განვითარებაზე.
მრავალფეროვანი, ღია და ავტონომიური უმაღლესი განათლების გარემოს შენარჩუნება უზრუნველყოფს, რომ საქართველომ განაგრძოს განვითარება როგორც დემოკრატიულმა და კვლევაზე ორიენტირებულმა საზოგადოებამ“.
წერილი ქვეყნდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB), ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრის (GSI), იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრის (HZDR) სახელით.
2026