ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაციის განცხადება

განცხადებები

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს საქართველოში უმაღლესი განათლების დაგეგმილი რეფორმის მოსალოდნელ საზიანო შედეგებზე.

ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს და გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, გააცნოს საქართველოს მთავრობას ქვეყნის აკადემიური და საგანმანათლებლო იზოლაციის საფრთხეები.

„2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალური რეფორმის გეგმა. რეფორმის მიზანია უნივერსიტეტების მთლიანად სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარება და საქართველოს მოკვეთა ევროპული უმაღლესი განათლების სივრცისგან, რაც ქვეყნის აკადემიურ და საგანმანათლებლო იზოლაციას გამოიწვევს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში შეიქმნა თანამედროვე უნივერსიტეტები და სრულად ინტეგრირდა უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში. ბოლონიის პროცესში მონაწილეობამ ხელი შეუწყო ქართველ მეცნიერთა მობილობას, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებას.

საქართველოს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უმაღლესი განათლების ხარისხი, რაც აისახა საერთაშორისო რეიტინგებში და ხელი შეუწყო ფართო სამეცნიერო ქსელების შექმნას ევროპის, მათ შორის გერმანიის, უნივერსიტეტებთან.

რეფორმა გულისხმობს უნივერსიტეტების ავტონომიის სრულ გაუქმებას. იგეგმება თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ძირითადი ფაკულტეტების ტრადიციული სივრციდან პატარა ქალაქებში გადატანა. ეფექტურობის საბაბით განხორციელებული პოლიტიკა სინამდვილეში ემსახურება ლექტორებისა და სტუდენტების კონტროლს. გეგმა ეწინააღმდეგება თავისუფალი აკადემიური კვლევისა და განათლების პრინციპებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას.

გერმანია საქართველოს უნივერსიტეტების ტრადიციული მჭიდრო პარტნიორია. ზოგიერთ მათგანთან თანამშრომლობის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად განადგურდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა.

გეგმები დაკავშირებულია ავტორიტარულ კურსთან, რაც აშკარაა საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში. მთავრობა სისტემატურად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას, ხოლო საერთაშორისო დაფინანსების მიღება სამართლებრივ დევნას ექვემდებარება.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა ამ პროცესის კიდევ ერთი ეტაპია. საქართველოს მთავრობის სამიზნედ ამჯერად უნივერსიტეტები იქცნენ, რადგან ისინი წარმოადგენენ თავისუფალი აზრის სივრცეს და წინააღმდეგობას უწევენ ავტორიტარულ ძალაუფლებასა და საქართველოს იზოლაციას ევროპული საზოგადოებისგან.

გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს, რომლებიც იცავენ დამოუკიდებელ სამეცნიერო საქმიანობასა და აკადემიურ თავისუფლებას, რაც წარმოადგენს ევროპული კვლევისა და განათლების სივრცის საძირკველს.

მოვუწოდებთ გერმანიის მთავრობას, საფუძვლიანად გააცნოს საქართველოს მთავრობას აკადემიური და საგანმანათლებლო იზოლაციის მოსალოდნელი შედეგები. საქართველო ევროპული განათლების მნიშვნელოვანი კერა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი პარტნიორია. ქვეყნისა და ევროპული სამეცნიერო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის უწყვეტად გაგრძელება“.

წყარო: https://tinyurl.com/4rvmnez3

2026

ბანერები