ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ესეების კონკურსი: “თანასწორობა და ადამიანის უფლებები”

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აცხადებს სტუდენტთა ესეების კონკურსს თემაზე: “თანასწორობა და ადამიანის უფლებები”.
კონკურსის მიზანია სამართლის სკოლის ფარგლებში და მის მიღმა ადამიანის უფლებათა საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. კონკურსი ასევე დაეხმარება სტუდენტებს, ადამიანის უფლებები გაიაზრონ ფართო სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს - 10 დეკემბერს აღინიშნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, “ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით...” ადამიანს ყველა უფლება მინიჭებული აქვს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა; ყველა მათგანი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს უფლება, თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ დისკრიმინაციის გარეშე. კონკურსის მიზანია თანასწორობის ამ უნივერსალური ჩარჩოს გააზრება ქართულ კონტექსტში და იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით არსებობს ქვეყანაში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.

რა საკითხებზე შეიძლება დაიწეროს ესე?
სტუდენტმა თავად უნდა შეძლოს თანასწორობის საკითხის იმ ასპექტის იდენტიფიცირება, რომლის სამართლებრივი ინტერპრეტაცია საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს: დისკრიმინაციისგან დაცვა, რელიგიური, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებები, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

ვინ შეაფასებს და შეფასების რა კრიტერიუმები იქნება გამოყენებული?
ესეებს შეაფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • დასმული სამართლებრივი საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა
  • არგუმენტაცია
  • კვლევა
  •  აკადემიური სტილის დაცვა
  • სტრუქტურა
  • წერის მანერა


რა ტექნიკურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესე?
ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ კრიტერიუმებს:

  • შრიფტი: Sylfaen
  • შრიფტის ზომა: 12
  • ინტერვალი: 1,15
  • ესეს მოცულობა: 1000-დან 1500 სიტყვამდე

აკადემიური სტილი
კონკურსის მონაწილეებმა, სასურველია, გამოიყენონ “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი: სახელმძღვანელო წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომის ავტორებისათვის”. ესეში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, კურსი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი). ესეს წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით.

პრიზები
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
I ადგილი

  • წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 150-ლარიანი ვაუჩერი;

II ადგილი

  •  წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 120-ლარიანი ვაუჩერი;

III ადგილი

  • წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100-იანი ვაუჩერი.

სამივე ადგილის მფლობელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ესეების ჩაბარების ბოლო ვადა
ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 28 დეკემბერი, 18:00 საათი. ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: esseycontest@gmail.com

ბანერები