ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Erasmus+პროგრამის HERITAG-ის პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა

ახალი ამბები

15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა Erasmus+პროგრამის HERITAG-ის („უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“) პროექტის სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ როგორც პროექტის პარტნიორი, ასევე შემფასებელი სტრუქტურების წარმომადგენლები ვალენსიის პოლიტექნიკური, ბოლონიის, თესალონიკის, კარლსრუეს, ლიუბლიანას, სასარის (იტალია), საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „გეოგრაფიკი“-ს, პროექტის მრჩეველთა საბჭოსა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

HERITAG-ის პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების სამაგისტრო და საბაკალავრო, აგრეთვე უწყვეტი განათლების პროგრამების ინტერდისციპლინარული რეფორმის განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის დისციპლინებში გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის ინტეგრირების გზით.

პროექტი ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეთა სამ ძირითად ჯგუფს: უნივერსიტეტების, კერძო სექტორისა და საჯარო სექტორებს შორის ერთობლივი წარმატებული ძალისხმევის მიღწევას. სასწავლო პროგრამის რეფორმა მოიცავს შესაძლებლობათა ზრდას საქართველოსა და სომხეთში 3 პრიორიტეტული მიმართულებით: გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების(GIS) გამოყენება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და დოკუმენტირება და ტურიზმის ბიზნესისა და მეწარმეობის ხელშეწყობა.

პროექტის ეფექტური და მდგრადი განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთში მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტურიზმის შესაძლებლობებისა და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური დარგის განვითარებას. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ძირითად საინოვაციო ფაქტორს ორივე ქვეყნის განვითარებაში, რომელთაც სამომავლო ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ტურიზმის წახალისებასა და ინოვაციების განვითარებას.

შეხვედრის ბოლოს გაიხსნა გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი და ლაბორატორია, რომელიც დაფუძნებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში HERITAG-ის პროექტის მონაწილეთა ძალისხმევით. მისი სრული ტექნოლოგიური აღჭურვა განხორციელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. 

ბანერები