ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოქტორანტი სვეტლანა ბერიკაშვილი ევროპის ლინგვისტთა საზოგადოების კონფერენციაზე

ახალი ამბები

21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით სვეტლანა ბერიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლაიფციგის უნივერსიტეტში (გერმანია) გამართულ ევროპის ლინგვისტთა საზოგადოების 52-ე შეხვედრაში, SLE 2019 (52nd Annual Meeting of the Societas Linguistica Europaea).

ევროპის ლინგვისტთა საზოგადოების შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მათი დანიშნულებაა ენისა და მისი ასპექტების სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა. კონფერენციის მთავარი უპირატესობაა, რომ მასში მონაწილეობენ ლინგვისტები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ თეორიულ სკოლებს მიეკუთვნებიან. ამ მხრივ კონფერენცია ხელს უწყობს ლინგვისტიკის სხვადასხვა ქვედარგში არსებული ტენდენციებისა და მიღწევების შესწავლასა და ფართო საზოგადოებისთვის მათ გაზიარებას. წლევანდელ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ინფორმაცია კონფერენციის სამეცნიერო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხ. კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://sle2019.eu/programme 

სვეტლანა ბერიკაშვილი ზოგად სესიაზე კონტაქტური ლინგვისტიკის მიმართულებით წარდგა მოხსენებით „კონტაქტით გამოწვეული გრამატიკული ცვლილებები საქართველოში გავრცელებულ პონტოურ დიალექტში“, რომელიც ეხებოდა საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოში გავრცელებული პონტოური დიალექტის (PNT) გრამატიკულ ცვლილებათა ანალიზს. სტრუქტურული ცვლილებები გამოწვეულია სხვადასხვა დონორი ენის, კერძოდ, თურქულის (TUR), რუსულისა (RUS) და ქართულის (KAT) ზეგავლენით. მოხსენება შემოიფარგლებოდა იმ მოვლენებით, რომლებიც ეხებოდა სქესის მარკირებისა და დიფერენცირებული სუბიექტის მარკირების ცვლილებას. დიფერენცირებული სუბიექტის მარკირება საქართველოში გავრცელებულ PNT დიალექტში უფრო თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი და მდედრობითი სქესის სახელებთანაც გვხვდება პონტოურის სხვა სახეობებისგან განსხვავებით. 

აბსტრაქტების წიგნი ელექტრონულად დაიბეჭდა და ხელმისაწვდომია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://sle2019.eu/ 

კონფერენცია ასევე მოიცავდა სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებას, ექსკურსიას, წიგნების პრეზენტაციასა და ცნობილი გამომცემლობების გამოფენებს. გამომცემლობებიდან წარმოდგენილი იყო: Benjamins, Brill, Cambridge University Press, De Gruyter, Edinburgh University Press, Language Science Press და Oxford University Press. 

ბანერები