ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დასავლეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის დეპარტამენტის მხარდაჭერის წერილი

განცხადებები

ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებო,

მე, როგორც საქართველოსთან მჭიდრო პირადი და პროფესიული კავშირების მქონე აკადემიური წრის წარმომადგენელს, მსურს გამოვხატო უზომო მღელვარება და წუხილი განსახილველი საგანმანათლებლო რეფორმების, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების პერსპექტივის გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სავარაუდო ცვლილებები რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს აქ არსებული პროგრამების 90%-ის გაუქმებას, შედეგად კი ─ მისაღები სტუდენტების რაოდენობის  92%-ით შემცირებას. შემოთავაზებული რეფორმები არ ემსახურება არც საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ ინტერესებს, არც სტუდენტთა საჭიროებებს, სურვილებსა თუ მისწრაფებებს და არც, ზოგადად,  საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობას. ცვლილებების გაცხადებული დასაბუთება უპირატესად არ ითვალისწინებს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა ან მოქალაქეების ინტერესებს, შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ეწინააღმდეგება თავად უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ იდეას. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირება არავის მოუტანს სარგებელს, ხოლო მიზანდასახულ, ნიჭიერ და ამბიციურ ახალგაზრდებს აიძულებს სხვა ქვეყნებში ეძებონ მიზნის მიღწევის საშუალებები და ამგვარად შეასხან ფრთები სანუკვარ ოცნებებს.

ასევე საფრთხეშია უმაღლესი განათლების ქვაკუთხედი: აკადემიური თავისუფლება. ქართული ინტელექტუალური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი,  საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ  კონკრეტული აკადემიური სფეროებისა და დარგების განვითარებაში, მათ შორის იმ მიმართულებებშიც, რომელთაც უკვე დახურვის საფრთხე ემუქრება. ვფიქრობ, აკადემიურ პერსონალს სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. უფრო მეტიც, მათ საქმიანობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს ისეთი პირებისგან, ვისაც არ გააჩნია კრიტიკული შეფასებისათვის საჭირო ექსპერტიზა. ეს რეფორმები შეაფერხებს აკადემიურ პროდუქტიულობასა და წინსვლას და შესაძლოა, სამუდამოდ დაასამაროს უამრავი შესანიშნავი უნივერსიტეტის რეპუტაცია.

კიდევ და კიდევ, მე ვერ ვხედავ ვერავითარ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის, იქნება ეს აკადემიური თუ არააკადემიური პერსონალი, სტუდენტები, აგრეთვე ისინი, ვინც აფილირებული არ არიან საფრთხის ქვეშ მყოფ ინსტიტუციებთან, თუმცა სარგებლობენ მათი ინტელექტუალური პროდუქციით. გარდა ამისა, შეუძლებელია უგულებელვყოთ დაანონსებული ქმედებების არაჰუმანურობა ამ ინსტიტუციებში დასაქმებული ადამიანებისთვის საარსებო წყაროს შეწყვეტის თვალსაზრისით. აკადემიურმა, არააკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა პერსონალმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი,  ხშირ შემთხვევაში, ათწლეულებიც კი, მიუძღვნა იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ, რათა გახდნენ ახალი თაობის ექიმები, არქეოლოგები, არქიტექტორები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, დიპლომატები და ა.შ. უდიდესი ალბათობით, ეს ადამიანები ასეთ თავგადადებულ გარჯას ეწეოდნენ არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის, არამედ  საერთო საქმისადმი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გათავისების, პროფესიული განვითარებისა და სიახლეების დაუფლების წყურვილით.

მსურს პირადად გამოვხატო სოლიდარობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და პერსონალის მიმართ. დაე, სიბრძნემ გაიმარჯვოს და თბილისმა შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში  უმაღლესი და ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

პატივისცემით

დოქტორი ბრაიან ს. ჰუდი

ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი

2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები