ჭეძიანგის ჩინური სამედიცინო უნივერსიტეტის ნეორომეცნიერების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორის, ვლადიმირ პარპურას მხარდაჭერის წერილი
განცხადებები
2 მარტი, 2026
ბატონ გივი მიქანაძეს
საქართველოს ხშირი სტუმარი ვარ, რადგან ვთანამშრომლობ Academia Europaea-ის თბილისის ცოდნის ჰაბთან. წერილს ერთვის ჩემი მოკლე ბიოგრაფია და სრული CV, რათა გაეცნოთ ინფორმაციას ჩემი სამეცნიერო საქმიანობისა და სტატუსის შესახებ ნეირომეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში. საქართველოში ვიზიტების დროს არაერთი სამეცნიერო მოხსენება წავიკითხე, ურთიერთობა მქონდა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან, განსაკუთრებულად საინტერესო და ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU) პროფესორებსა და სტუდენტებთან. უდავოა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც მეცნიერების განვითარებისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანმა ცენტრმა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუსტება აუცილებლად დააზიანებს საქართველოს საზოგადოებრივ განვითარებასაც.
ამიტომ დიდი შეშფოთებით ვაკვირდები ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ინიციატივის – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი/პროგრამა“ შესახებ, რომელშიც პრიორიტეტი ენიჭება უფრო ძველ უნივერსიტეტებს. ამ მიდგომით ფაქტობრივად იზღუდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი შედეგები აქვს კვლევაში. უნივერსიტეტს პირველ კურსზე სტუდენტთა მიღების ლიმიტი ჰქონდა 4 300, ახლა ეს რაოდენობა 300 სტუდენტამდე მცირდება (რაც ნიშნავს 92%-ით შემცირებას!?). ახალი სქემის მიხედვით, არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ უნდა ჰქონდეს მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გეგმებითა და კურსებით, შესაძლოა მალე დაიხუროს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერება პრიორიტეტული სფეროებია დაფინანსებისთვის აშშ-ში, ევროკავშირსა და ჩინეთში.
ვიმედოვნებ, გაითვალისწინებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დაფინანსების შემცირება არაგონივრული გადაწყვეტილებაა როგორც ფინანსური, ისე სამეცნიერო და საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით. ამ ახალგაზრდა უნივერსიტეტმა უკვე მიაღწია 67-ე ადგილს ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგში (დასავლეთ აზიის რეგიონი).
თუ გსურთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხების უფრო დეტალურად განხილვა, სიამოვნებით გაგესაუბრებით ტელეფონით. ასევე, თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ელექტრონული წერილი.
პატივისცემით,
პროფესორი ვლადიმირ პარპურა, MD, PhD, MAE, MSASA
ნეიროქიმიის საერთაშორისო საზოგადოება
ტრანსლაციური ნეორომეცნიერების კვლევითი ინსტიტუტი
ჭეძიანგის ჩინური სამედიცინო უნივერსიტეტი
2026
გალერეა