ბონის უნივერსიტეტისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების ანალიზის ლაიბნიცის ინსტიტუტის მეცნიერთა ღია წერილი საქართველოს აკადემიურ საზოგადოებას
განცხადებები
ბონის უნივერსიტეტისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების ანალიზის ლაიბნიცის ინსტიტუტის მეცნიერები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ახლახან გამოცხადებული გეგმების გამო, რომლებიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო რეფორმას, რაც ძირეულად გარდაქმნის ქვეყნის აკადემიურ სურათს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მიერ მინიშნებული გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დახურვას; უნივერსიტეტისა, რომელიც ფართოდ არის აღიარებული როგორც დემოკრატიული, პროდასავლური აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის მოქმედი ცენტრი.
1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო შეუდგა ხანგრძლივ და რთულ გზას, რომლის მიზანი იყო განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ ძალისხმევას უკვე მოაქვს საგრძნობი შედეგები. ქართული უნივერსიტეტები გახდნენ წამყვანი ევროპული ინსტიტუტების მნიშვნელოვანი პარტნიორები, ხოლო აკადემიური თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია საქართველო ბოლონიის პროცესის სრულუფლებიანი წევრია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას.
თავად ბონის უნივერსიტეტს ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. 2013-2023 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის მნიშვნელოვან სამმხრივ თანამშრომლობას. აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც ძირითადად ფოლკსვაგენის ფონდი აფინანსებდა, მიზნად ისახავდა გერმანული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოსა და სომხეთში თეორიულ და ექსპერიმენტულ ნაწილაკთა ფიზიკის დარგში შექმნილი სადოქტორო პროგრამების დანერგვას. გარდა ამისა, ამ წლებში ჩვენი აკადემიური პერსონალი აქტიურად მონაწილეობდა გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ჩარჩომექანიზმში სახელწოდებით „გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი (German-Georgian Scientific Bridge – GGSB)“. ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში. იგეგმება დამატებითი ერთობლივი ინიციატივებიც. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გააზრება, რომ საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, მათ შორის უშუალოდ ათწლეულების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგები, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ შემოთავაზებული რეფორმა განხორციელდება.
ბიომრავალფეროვნების ცვლილების ანალიზის ლაიბნიცის ინსტიტუტს ასევე ორ ათწლეულზე მეტი ხნის სამმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს ქართველ, სომეხ და გერმანელ პარტნიორებთან, რომლის შედეგადაც განხორციელდა მრავალი ერთობლივი პროექტი და განვითარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები. აღნიშნულ პროექტებს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს გერმანიის ჰუმბოლდტის ფონდმა, ფოლკსვაგენის ფონდმა და გერმანიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფედერალურმა სამინისტრომ (BMFTR).
ბონის უნივერსიტეტთან ერთად ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (YSU). ჩვენი თანამშრომლობა განვითარდა ბიომრავალფეროვნების კვლევისა და გლობალური მდგრადობის გამოწვევების მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს ამ სფეროებში სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთობლივად შევქმენით ფართო სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, უნიკალური კავკასიის რეგიონში. ამ სფეროებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რასაც ადასტურებს Times-ის უნივერსიტეტების რეიტინგი, რომელშიც სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი და მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის ამ სფეროს რეიტინგებით 601-800-ე ადგილებზეა. ეს უდიდესი წარმატებაა და ამ ინფრასტრუქტურის მოშლა ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვნად შეამცირებს ქართული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების თავსებადობას ევროპულ უნივერსიტეტებთან, რამაც შესაძლოა საქართველო ბოლონიის პროცესიდან გარიცხვამდეც კი მიიყვანოს, როგორც რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში მოხდა. ეს კი, თავის მხრივ, მკაფიოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ქართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე. მეტიც, შემოთავაზებული რეფორმები აშკარად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის აკადემიურ თავისუფლებასა და უნივერსალური, ყოვლისმომცველი განათლების პრინციპს, რომელთა ერთობლიობაც მრავალდისციპლინური კვლევისა და სწავლების საფუძველია. უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ფართომასშტაბიანი და თვითნებური გადაადგილება უგულებელყოფს როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების ინტერესებს. ამავე დროს დაფინანსების მოდელის ცვლილება ხელისუფლებას დამატებით ბერკეტებს შეუქმნის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებისთვის მაშინ, როდესაც კერძო უნივერსიტეტებს ფაქტობრივად შეეზღუდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა.
ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ მასშტაბური რეფორმა მოულოდნელად ხორციელდება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტია მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ, ევროპული ინტეგრაციის გზის მიტოვებისა და არადემოკრატიული პრაქტიკებით შეშფოთების გამო, მიზნად ისახავდეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას. პირიქით, რეფორმის წინადადებათა ზედაპირული განხილვაც კი აჩვენებს, რომ ისინი მძიმე ზიანს მიაყენებს საქართველოში მეცნიერებასა და უმაღლეს განათლებას და ფაქტობრივად დაასრულებს ბოლო ათწლეულების ძალისხმევას, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი მონაწილეობით და გერმანული ფინანსური რესურსებით განხორციელდა. დაგეგმილი რეფორმა ასევე მიუთითებს, რომ მოქმედი ხელისუფლება გააძლიერებს კონტროლის მექანიზმებს უნივერსიტეტის პერსონალზე, რის შედეგადაც დიდია ალბათობა, რომ რეორგანიზაციის პირობებში პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ ის აკადემიური თანამშრომლები შეძლებენ, რომლებიც პოლიტიკურად ლოიალურად ჩაითვლებიან. გარდა ამისა, უნივერსიტეტების დიდი ქალაქების გარეთ მდებარე კამპუსებში გადატანა, სავარაუდოდ, შეამცირებს მასშტაბური სტუდენტური პროტესტის შესაძლებლობას.
დარწმუნებულნი ვართ, შემოთავაზებული საგანმანათლებლო რეფორმების მთავარი მოტივები უმთავრესად პოლიტიკური ხასიათისაა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა და აღნიშნული ზომების წინააღმდეგ არგუმენტების მოყვანა უშედეგო იქნებოდა. ამიტომ მივმართავთ საქართველოს აკადემიურ საზოგადოებას და გამოვხატავთ სოლიდარობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იცავენ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და აკადემიურ სივრცეში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ჩახშობის მცდელობების წინააღმდეგ.
ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციების ბოლო განცხადების სულისკვეთების შესაბამისად, ვაცხადებთ მზადყოფნას, ყველა შესაძლო გზით დავუჭიროთ მხარი ქართველ კოლეგებსა და მეგობრებს. შესაბამისად, ქართულ უნივერსიტეტებთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, უერთგულებენ თუ არა ჩვენს საერთო ღირებულებებს. გვსურს გამოვხატოთ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომელიც ამჟამად ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
პროფესორი, დოქტორი h.c. ბერნარდ მიზოფი
გენერალური დირექტორი, LIB
პროფესორი, დოქტორი h.c. ულფ-გ მაისენერი
ფიზიკის პროფესორი, ბონის უნივერსიტეტი
IAS-4-is დირექტორი, FZ Jülich
პრივატდოცენტი (PD) და დოქტორი აკაკი რუსეცკი
HISKP, ბონის უნივერსიტეტი
2026