ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

ახალი ამბები

24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლას ეწვივნენ კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ჯერზი სავიცკი და ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის დირექტორი ჯეკ კრაზევსკი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სემინარები ახალგაზრდა მკვლევრების, დოქტორანტების, ფაკულტეტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ვიზიტი განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობას, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის წახალისებას, ასევე უნივერსიტეტებისა და სრულიად რეგიონის მასშტაბით სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას.

პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მეშვეობით.

ღონისძიება გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები წარუდგინა.

სასემინარო თემის ,,აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია“ ფარგლებში ჯეკ კრაზევსკიმ მიმოიხილა ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი პრინციპები და ყურადღება გაამახვილა პატენტსა, სასაქონლო ნიშანსა და საავტორო უფლებებს შორის სხვაობებზე.

შემდგომ განხილეს, რამდენად მნიშვნელოვანია, საუნივერსიტეტო კვლევებზე დაფუძნებული გამოგონებები და ტექნოლოგიები დაცული იყოს პატენტით, რომ მოხდეს მათი ლიცენზიანტებზე გასხვისება ან საუნივერსიტეტო სტარტაპების გზით მათი კომერციალიზაცია. აღნიშნულის თვალნათლივ საილუსტრაციოდ წარმოადგინეს კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული მაგალითები და განიხილეს წარმატების ისტორიები.

დოქტორმა ჯერზი სავიცკიმ დამსწრე აუდიტორიას გააცნო კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ოფისი და ისაუბრა, როგორ შეიძლება კვლევებზე ორიენტირებულმა ძლიერმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სერვისის მიწოდებასა და საკუთარი მკვლევრების მხარდაჭერაში. მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რაოდენ მნიშვნელოვანია კვლევების ოფისის მუდმივი თანამშრომლობა სხვადასხვა კვლევით კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასტერულ ცენტრებთან.

შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო ღირებულების შექმნასა და სამომხმარებლო ბაზარზე გამოგონებებისა და ინოვაციების გადატანას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და რომ ტექნოლოგიების წარმატებული კომერციალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული მკვლევარსა და ინდუსტრიას შორის მყარ კომუნიკაციაზე.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას ექსპერტებთან ურთიერთობის საშუალება მიეცა. კითხვა-პასუხით უფრო ღრმად იქნა განხილულ სტუმრებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები