ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთა პოზიცია
განცხადებები
ჩვენ, სხვადასხვა სფეროს – ფსიქოლოგიის, ადრეული ინტერვენციის, ხელოვნების, ენა-მეტყველების, სპეციალური და ინკლუზიური განათლების – წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრეული განათლების ირგვლივ გავერთიანდით. ამ ინტერდისციპლინური თანამშრომლობის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ვაშენებდით ადრეული განათლების პროგრამას – ვიკვლევდით და ვემსახურებოდით ბავშვის განვითარებას, ვთანამშრომლობდით სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებთან, ვქმნიდით ახალ პროფესიულ სივრცეს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებდით თანამედროვე ხედვას ადრეული განათლების შესახებ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეხმიანებით უნივერსიტეტისათვის პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებების ჩამოშორების მცდელობას.
ჩვენთვის ილიაუნი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ადმინისტრაციული სტრუქტურა ან პროგრამების ერთობლიობა. ეს არის განვითარების გარემო – სივრცე, რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა სფეროს ცოდნა და გამოცდილება, ყალიბდება პროფესიული იდენტობა და ჩნდება ახალი საგანმანათლებლო ხედვები. სწორედ ასეთ გარემოში შეიქმნა ადრეული განათლების თანამედროვე საბაკალავრო პროგრამაც.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ფორმალურად შენარჩუნებულია, მისი დატოვება იმ არგუმენტით, თითქოს იგი წარმოადგენს ტრადიციული, „ძველი“ პედაგოგიკის გაგრძელებას, რეალობას არ შეესაბამება. ადრეული განათლების ეს პროგრამა არ არის წარსულის მოდელების განახლება და მით უმეტეს – არ წარმოადგენს საბჭოთა პედაგოგიური სისტემის გაგრძელებას. საბჭოთა პედაგოგიკისგან განსხვავებით, თანამედროვე ადრეული განათლება ბავშვს ავტონომიურ, აქტიურ, საკუთარი განვითარების თანამონაწილე ინდივიდად ხედავს. ეს ხედვა მოითხოვს ისეთ პროფესიონალს, რომელიც თავად არის ავტონომიური, კრიტიკული და შემოქმედებითი. სწორედ ასეთი პროფესიონალების მომზადებას ემსახურება ეს პროგრამა, რომელიც შეიქმნა არა ისტორიული ინერციით, არამედ ილიას უნივერსიტეტში დაგროვილი ინტერდისციპლინური ცოდნითა და გამოცდილებით. ილიაუნის აკადემიურმა სივრცემ შექმნა ნიადაგი თანამედროვე ადრეული განათლების ხედვისთვის და განსაზღვრა მისი ღირებულებითი საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამაზე განსაზღვრული 20-ადგილიანი კვოტა ვერ პასუხობს დარგის რეალურ საჭიროებებს და აჩენს კითხვებს როგორც საგანმანათლებლო პოლიტიკის, ისე უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის შესახებ. საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს კვალიფიციური აღმზრდელების, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების დეფიციტს, რის გამოც ბოლო წლებში პროგრამები შეიქმნა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მიღება მხოლოდ 2024 წელს დაიწყო და სისტემას ჯერ კურსდამთავრებულებიც არ ჰყავს, შედარებით დაბალი მოთხოვნა არ ნიშნავს საჭიროების ნაკლებობას – იგი უფრო პროფესიის დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ მიმზიდველობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ პროგრამის განვითარება ეტაპობრივად იყო დაგეგმილი, თუმცა 20-ადგილიანი მკაცრი შეზღუდვა ზღუდავს უნივერსიტეტის შესაძლებლობას, გაზარდოს მიღება დარგის რეალური მოთხოვნის შესაბამისად.
და ბოლოს, განვითარების ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ პოტენციალის რეალიზაცია დამოკიდებულია გარემოზე. გარემო შეიძლება იყოს განვითარების მხარდამჭერი ან შემზღუდავი. იგივე პრინციპი მოქმედებს პროფესიული იდენტობის ფორმირებაზეც. ადრეული განათლების პროგრამა ჩამოყალიბდა ილიაუნის აკადემიურ გარემოში და მისი განვითარება სწორედ ამ ინტელექტუალურ სივრცეზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რეფორმა რომელიც ზღუდავს მრავალფეროვნებას, ასუსტებს დისციპლინებს შორის კავშირებს და ამცირებს აკადემიურ ავტონომიას, ვერ შექმნის ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც თავად ქმნიან თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს ბავშვებისთვის.
ხათუნა დოლიძე, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი
ნინო ჯიჯავაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
ანა ჯანელიძე, ხელოვნების მაგისტრი (ადრეულ ასაკში განათლება და ზრუნვა, საბავშვო ლიტერატურა და ილუსტრაცია), განათლების მაგისტრი (ადამიანის განვითარება და ფსიქოლოგია), ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
ირინე რუხაძე, ზოგადი პედიატრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
თამარ ბაქრაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
თამთა კუხალეიშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
ცირა ბარქაია, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი, ინკლუზიის და ადრეული განათლების სპეციალისტი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
თამარ საღინაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი; ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
ლია ქურციკიძე, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
ნინო გულიაშვილი, ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის ლექტორი
თამარ შკუბულიანი, ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი
2026