ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კანცლერი

კანცლერი

ქეთევან დარახველიძე 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი

ბიოგრაფია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციას ქეთევან დარახველიძე იკავებს.

ქეთევან დარახველიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ გუნდს 2011 წლის იანვარში შემოუერთდა. 9 წლის განმავლობაში იყო განვითარების სამსახურის უფროსი, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან დაინიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ განვითარებისა და შემოსავლების მიმართულებით. იგი წლების განმავლობაში იყო განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების მენეჯერად.

ქეთევან დარახველიძეს განათლება მიღებული აქვს აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტებში, სადაც სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა განათლების პოლიტიკას, განათლების კვლევას, განვითარებისა და საერთაშორისო განვითარების ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტების დიზაინს, ასევე საუნივერსიტეტო განათლების მართვას, მათ შორის უნივერსიტეტის ფინანსური ადმინისტრირების საკითხებს. იგი ფლობს აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო განათლების განვითარებისა და პოლიტიკის სფეროში უმაღლესი განათლების კონცენტრაციის მიმართულებით (პროგრამაზე სწავლობდა ედმუნდ ს. მასკის აშშ-ის სახელმწიფო პროგრამის სრული დაფინანსებით 2007-2009 წწ.), ასევე ოსლოს უნივერსიტეტის (ნორვეგია), ტამპერის უნივერსიტეტისა (ფინეთი) და ავეიროს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ხარისხს უმაღლესი განათლების მიმართულებით (ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამაზე სწავლობდა ევროკომისიის დაფინანსებით 2009-2011 წწ.) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით; 2003-2004 წწ. ქეთევან დარახველიძე ერთწლიანი სტიპენდიით ასევე სწავლობდა აშშ-ის წმინდა ეკატერინეს უნივერსიტეტში ამერიკული კვლევების მიმართულებით (აშშ-ის მთავრობის სრული დაფინანსებით „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ საგანმანათლებლო სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქეთევან დარახველიძე 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გარე დაფინანსების მქონე საგრანტო და განვითარების პროგრამებს, რაც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტში ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმების პროექტების შემუშავებას, საერთაშორისო დონეზე კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებასა და აკადემიური ინოვაციის ეკოსისტემის წახალისებას. მან სხვადასხვა პერიოდში წარმატებით განახორციელა უმაღლესი განათლების სტრატეგიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ამოცანათა ფართო სპექტრი, რითაც უზრუნველყო დონორებისა და უმაღლესი განათლების თანამშრომლობის მსხვილი პროგრამებისგან („ტემპუსი“, „ერაზმუს+ CBH“, ,,Horizon2020“, ,,ჟან მონეს აქტივობები“, USAID-ის განათლების პროგრამები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის Skills4Jobs პროგრამა, „ფოლკსვაგენის ფონდის“ კავკასიის სადოქტორო პროგრამა, აშშ-ის მთავრობისა და აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივები დემოკრატიის განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ჩართულობის მიზნით) 16 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მოპოვება 300-ზე მეტი საპროექტო განაცხადისთვის საქართველოში უნივერსიტეტის აკადემიური, კვლევითი და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ეს განაცხადები ემსახურებოდა მრავალმხრივ პარტნიორობასა და კონსორციუმების ფორმირებას, აკადემიური ინოვაციურობის განვითარებას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების ამაღლებას და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტების მეშვეობით უმაღლესი განათლების რეფორმირებსა და მოდერნიზაციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარების პროცესის ხელმძღვანელის რანგში ქეთევან დარახველიძემ წამოიწყო რამდენიმე ინიციატივა და პროექტი საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევის მხარდაჭერა-გაძლიერების მიზნით; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და მესამე მისიის აქტივობებს, როგორებიცაა: უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის განვითარება, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები, აკადემიური ინოვაციები და უნივერსიტეტის სამეწარმეო და ეკოსისტემის მხარდამჭერი პროექტები, სასკოლო განათლების განვითარება და მათი პროცესებში მონაწილეობა, სოციალური პასუხისმგებლობა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის განხორციელებული ღონისძიებები.

ქეთევან დარახველიძე იყო 50-მდე მსხვილი საერთაშორისო პროექტისა და კონსორციუმის პროექტის მენეჯერი ან გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო განათლებისა და ინოვაციების სფეროში დონორების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონსორციუმების ინიციატივების განხორციელებას. თითოეულ საინიციატივო კონსორციუმში ჩართული იყო პროექტის 12-18 საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი და ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრებოდა 100 ათასიდან 1.2 მლნ ევრომდე.

პროფესიული კარიერის განმავლობაში ქეთევან დარახველიძე აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდული და სათემო განვითარების, უმაღლესი განათლების გაუმჯობესებისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში; პარტნიორებს სტრატეგიულ საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა: სწავლისა და სწავლების აკადემიური კეთილსინდისიერება, სტუდენტური სერვისები, ინკლუზიური განათლება, მშვიდობა და მულტიკულტურული განათლება, კვლევის მართვა, საუნივერსიტეტო და აკადემიური მეწარმეობა და საუნივერსიტეტო ინოვაციები; ის სხვადასხვა პერიოდში ორგანიზებას უწევდა, წარმართავდა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო შეხვედრებს, სამუშაო ღონისძიებებსა და კონფერენციებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აშშ-სა და ისრაელში, ასევე მუშაობდა უნივერსიტეტებსა და სკოლების ასობით წარმომადგენელთან.

„განათლების სფერო განსაკუთრებით მაინტერესებს; მჯერა, რომ განათლებას შეუძლია შეცვალოს ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ. სწორედ ამას ემსახურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლიბერალური განათლების ელემენტების დანერგვით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი გავლენა აქვს საქართველოსა და მის ევროპულ მომავალზე.

ამ დინამიკური, ევროპული სტანდარტების უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე მიმართული საქმიანობის თანახელმძღვანელობა ჩემთვის გამორჩეული პატივი და უდიდესი შესაძლებლობაა, რასაც თან ახლავს უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. მადლობელი ვარ ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. უდიდესი ენთუზიაზმით ვიღებ მოცემულ შესაძლებლობას და მოხარული ვარ, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებით ვემსახურო უნივერსიტეტს და ხელი შევუწყო მის შემდგომ განვითარებას აკადემიური და ინსტიტუციური მიზნების მისაღწევად“.

ბანერები