ნარკოტიკული დანაშაული და პრევენცია – შეხვედრა პროკურორებთან
ღონისძიებები
19 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო ლექცია, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი ისაუბრებენ ნარკოტიკულ დანაშაულებათა შესახებ.
პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2007 წლიდან ხორციელდება. ის არის ამერიკული მოდელი (აქტიურად ფუნქციონირებს ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებში), რომლის მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია.
მიზნის მისაღწევად სპეციალისტები პირველ ეტაპზე დეტალურად აანალიზებენ ერთგვაროვან დანაშაულებს, სწავლობენ, დროის რა მონაკვეთში და რა ხერხით სჩადიან დანაშაულს; ასევე ითვალისწინებენ დამნაშავის ასაკსა და გარემო ფაქტორებს. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე იგეგმება ღონისძიებები კონკრეტული დანაშაულის შემცირების ან სრულად აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
ცნობიერების ამაღლების კამპანია
საქართველოში პროექტის დაწყებიდან დღემდე პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელთა მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული დანაშაულების სტატისტიკის შემცირება. ამავე კამპანიის ფარგლებში 2026 წელს პროკურატურის წარმომადგენლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად ატარებენ საჯარო ლექციებს ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებათა შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.
2026