როგორ განაპირობებს გამრავლების სტრატეგია სახეობების თანაარსებობას: ილიაუნის მკვლევართა ახალი სტატია საერთაშორისო ჟურნალში „Evolutionary Ecology“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა კავკასიური კლდის ხვლიკების მაგალითზე უმნიშვნელოვანესი ევოლუციური კანონზომიერება აღმოაჩინეს. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში “Evolutionary Ecology” გამოქვეყნებული ახალი კვლევა ხსნის, როგორ ახერხებენ განსხვავებული გამრავლების სტრატეგიის მქონე სახეობები ერთსა და იმავე გარემოში ხანგრძლივ თანაარსებობას.
კვლევის მეთოდოლოგია და ჯავახეთის ექსპედიცია
სამეცნიერო ნაშრომი “Trade-off between local persistence and rapid expansion? A case study of a parthenogenetic lizard species and its sexually reproducing ancestor” ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარების, დოქტორ ნათია ბარათელის, პროფესორ დავით თარხნიშვილისა და დოქტორანტ გიორგი იანქოშვილისა ავტორობით მომზადდა.
საველე და კვლევითი სამუშაოები ჯავახეთის რეგიონში, საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ხვლიკების ზუსტი ასაკის დასადგენად და მათი ზრდის დინამიკის შესაფასებლად მკვლევრებმა სკელეტოქრონოლოგიური მეთოდი გამოიყენეს. ეს მიდგომა ფალანგის ძვლის (ფემურის) განივ ჭრილში ზრდის ხაზების (Lines of Arrested Growth, LAGs) ანალიზს გულისხმობს.
კვლევის ძირითადი მიგნებები
კვლევამ გამოავლინა ფუნდამენტური განსხვავებები პართენოგენეზული და სქესობრივი გზით გამრავლებად სახეობებს შორის და აჩვენა, თუ როგორ აბალანსებენ ისინი გამრავლების ტემპსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას:
- ერთსქესიანი (პართენოგენეზული) სახეობები: ეს ხვლიკები სქესობრივ სიმწიფეს გაცილებით უფრო ადრე აღწევენ და ბევრად მეტ ენერგიას ახმარენ გამრავლებას. რამდენადაც პართენოგენეზულ სახეობებში ყველა ინდივიდი მდედრია და გამრავლებისთვის მამრი არ არის საჭირო, თითოეულ ინდივიდს შეუძლია შთამომავლობის დატოვება. შედეგად, პოპულაციები უფრო სწრაფად იზრდება, მეტ შთამომავალს წარმოქმნის და ახალ ტერიტორიებს უფრო ეფექტურად ითვისებს. თუმცა, ამ სწრაფ ექსპანსიას თავისი ფასი აქვს – სიცოცხლის შედარებით მოკლე ხანგრძლივობის გამო ისინი ბევრად უფრო მოწყვლადები არიან გარემო პირობების დროებითი გაუარესების მიმართ.
- ორსქესიანი (სქესობრივად გამრავლებული) სახეობები: მათი ევოლუციური სტრატეგია ორიენტირებულია არა სწრაფ გამრავლებაზე, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. შედეგად, გარემო პირობების არახელსაყრელი ცვლილებების დროს პოპულაციის ინდივიდების ნაწილს გადარჩენის მეტი შანსი აქვს, რაც მოგვიანებით იმავე ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.
კვლევის სრული ვერსიისთვის იხილეთ ბმული: https://link.springer.com/article/10.1007/s10682-026-10406-2
2026