ილიაუნის მკვლევრის, სალომე მჭედლიძის პუბლიკაცია ჟურნალში Astronomy and Astrophysics
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის (გრავიტაციის, კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის დეპარტამენტი) მკვლევრის, ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) პოსტდოქტორანტ სალომე მჭედლიძის პირველავტორობით და უცხოელ კოლეგებთან თანაავტორობით მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში Astronomy & Astrophysics (5-წლიანი იმპაქტ-ფაქტორი 6.1; მიმდინარე – 5.8) გამოქვეყნდა სტატია „პირველადი მაგნიტური ველებით გამოწვეული და რიცხვითი მოდელირებით აღდგენილი ცის ბრუნვის რუკა“. პუბლიკაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაწყებული კვლევის გაგრძელებაა.
სალომე მჭედლიძე წარმატებული ახალგაზრდა მკვლევარია. სადოქტორო დისერტაციის დაცვიდან 3.5 წლის განმავლობაში მას ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო სტატია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში (Astronomy & Astrophysics, JCAP, Phys. Rev. D და სხვ.), სამი მათგანი მისი პირველავტორობით დაიბეჭდა ჟურნალში Astrophysical Journal (5-წლიანი იმპაქტ-ფაქტორი 6.1; მიმდინარე – 5.8).
მკვლევრის ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია: ადრეული სამყაროს კოსმოლოგია, სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა და მაგნიტოჰიდროდინამიკა. მისი კვლევის შედეგები წარდგენილია წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გამართულ არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და კოლოქვიუმზე, ხოლო ნაშრომებს ხშირად ციტირებენ სამეცნიერო პუბლიკაციებში.
აღსანიშნავია სალომე მჭედლიძის წარმატება საგრანტო კონკურსებშიც. მას მოპოვებული აქვს დაფინანსება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, მათ შორისაა:
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (ფუნდამენტური კვლევების, ახალგაზრდა მეცნიერთა და ქალ მეცნიერთა კონკურსები);
- გიოტინგენის უნივერსიტეტი და DAAD (გერმანია);
- NORDITA და შვედეთის კვლევითი საბჭო (შვედეთი);
- Comunidad de Madrid Atracción de Talento (ესპანეთი);
- ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი (ERDF, ევროკავშირი).
აქტიურად არის ჩართული აკადემიურ პროცესშიც – სამაგისტრო ნაშრომების ასისტენტი და თანახელმძღვანელია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სალომე მჭედლიძეს მნიშვნელოვან მიღწევას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს!
2026