მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ – სტატიების კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

27 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტატიების კრებულის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ: 

  • ნატალია ალხაზიშვილი, „ზიარის“ ხელმძღვანელი
  • ლუკა ნახუცრიშვილი, კრებულის სამეცნიერო რედაქტორი
  • გიორგი მაისურაძე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
  • ია ერაძე, კრებულის თანაავტორი,ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი 
  • თამთა ხალვაში, კრებულის თანაავტორი, ილიაუნის პროფესორი

კრებულის შესახებ

კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ისტორიოგრაფიული ტიპის გამოკვლევებისაგან განსხვავებით, პირველია როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან აკადემიურ სივრცეში, რომელიც პირველ რესპუბლიკას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მრავალი სხვა დარგის გადმოსახედიდან აშუქებს, ესენია: ანთროპოლოგია, კულტურის კვლევები, კრიტიკული სამართლის თეორია, ცნებათა ისტორია, პოლიტიკური თეორია, რელიგიის სოციოლოგია, ხელოვნების ისტორია, კინომცოდნეობა, პოლიტიკური ეკონომია, ლიტერატურათმცოდნეობა, ლინგვისტიკა თუ იკონოლოგია.

აქამდე ნაკლებად განხილული მოვლენების, დოკუმენტების, ნაწარმოებებისა თუ ინსტიტუციების ანალიზის საფუძველზე პირველი რესპუბლიკის მოკლე სამი წელი წარმოჩინდება არა როგორც რაღაც „არარადან“ აღმოცენებული და უკვალოდ გამქრალი, არამედ როგორც სამჭედლო, სადაც იმპერიული პერიოდიდან ნამემკვიდრევი ფორმებისა და შინაარსის გადადნობა, ახალ ყალიბში გადასხმა მოხდა, რომელთა ნაწილმა 1921 წლის მერეც განაგრძო გარდაქმნილი სახით არსებობა.

კრებული დარგობრივი და თემატური მრავალფეროვნების წყალობით პირველი რესპუბლიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასაც და სამეცნიერო წრეებსაც ახალი კუთხით დაანახებს დამოუკიდებლობის ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად დატვირთულ, პერიოდს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები