პროფესორ ჯეიმს ტ. დეკერის ხსოვნას
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, საქართველოში სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი, პროფ. ჯეიმს ტ. დეკერი (1944-2026).
მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაობის, როგორც დამოუკიდებელი აკადემიური დისციპლინის, ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან.
ჯეიმს დეკერმა ქართულ საგანმანათლებლო სფეროსთან თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სოციალური მუშაობის განათლება პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი იყო საქართველოში სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, მოგვიანებით წვლილი შეიტანა სადოქტორო პროგრამის შექმნასა და განვითარებაში.
პროფესორი დეკერი ასევე აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო კურიკულუმების დახვეწაში, კვლევითი კომპონენტებისა და პრაქტიკის განვითარებაში. იყო ქართველი დოქტორანტების საერთაშორისო თანახელმძღვანელი და დიდ როლს ასრულებდა მკვლევართა ახალი თაობის ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტების ოფიციალური დასრულების შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე, იგი უანგაროდ იყო სოციალური მუშაობის პროგრამების საერთაშორისო კონსულტანტი.
რამდენიმე თვის წინ, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის 20 წლის იუბილეზე, პროფესორმა დეკერმა ქართველ კოლეგებსა და 200-ზე მეტ კურსდამთავრებულს ეს მნიშვნელოვანი თარიღი საიუბილეო წერილით მიულოცა და სიამაყე გამოხატა მათი პროფესიული მიღწევებით.
სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მუშაობდა წიგნზე საქართველოში სოციალური მუშაობის განათლების განვითარების ისტორიის შესახებ. მას სჯეროდა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვისაც სასარგებლო გამოცდილებად იქცეოდა.
პროფესორ ჯეიმს ტ. დეკერის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოში სოციალური მუშაობის განათლების ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა სიცოცხლეს განაგრძობს კურსდამთავრებულებისა და პროფესიონალების სახით, რომლებიც დღეს სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ.
2026