მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კავკასია 2024 - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ - ზამთრის სკოლა გერმანელი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს იწვევს ზამთრის სკოლაში „კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად. სკოლა ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით პროგრამის Go East ფარგლებში.

სეზონურ სკოლას აქვს თავისი ისტორია: ის 2009 წელს საზაფხულო სკოლის სახით დააარსა პროფ. დავით აფრასიძემ, შემდეგ კი მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფ. ქეთევან გურჩიანი. 2024 წლიდან საზაფხულო სკოლა გარდაიქმნა ზამთრის სკოლად იმავე თემატური ფოკუსით.

ზამთრის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის, როგორც ფენომენის, გააზრებას ევროპულ აკადემიურ სივრცეში და ამით წვლილი შეიტანოს ევროპისა და კავკასიის ქვეყნების კულტურულსა და პოლიტიკურ ურთიერთდაახლოებაში. სკოლის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს. სასემინარო შეხვედრებზე მიღებული თეორიული კომპეტენციები შეივსება პრაქტიკული გამოცდილებით, რომელსაც მონაწილეები მიიღებენ ექსკურსიებისა და ქართულ სინამდვილესთან უშუალო კავშირის შედეგად. სკოლაში შეძენილი ცოდნა და კულტურათშორისი კომპეტენციები შექმნის საფუძველს გერმანიაში კავკასიის კვლევების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის.  

ზამთრის სკოლა, რომლის ხანგრძლივობაა ორი კვირა (16.02.2024-01.03.2024), მოიცავს სემინარებს, ლექციებსა და ქართული ენის კურსს დამწყებთათვის (A 1.1).

სემინარებს გაუძღვება პროფ. ლევან ცაგარელი. ლექციებს წაიკითხავენ სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივი და უცხოელი პროფესორები.

ზამთრის სკოლის თემატიკა მოიცავს საქართველოსა და კავკასიის პოლიტიკის, საზოგადოების, კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა ასპექტს.

სამუშაო ენებია გერმანული და ინგლისური.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს (3 კრედიტი), რომელთა მოპოვების წინაპირობაა რეფერატი შეთანხმებულ თემაზე. თემების ჩამონათვალი და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხა მონაწილეებს გაეგზავნებათ წინასწარ.

სემინარები და ლექციები შეივსება კულტურული პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ეწვევიან გერმანულსა და საერთაშორისო დაწესებულებებს რეგიონში მათი საქმიანობის გასაცნობად, ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ქართველ ხელოვანებს, მწერლებს, პოლიტიკოსებს, დაათვალიერონ მუზეუმი ან გამოფენა, დაესწრონ კინოჩვენებას, სპექტაკლს ან კონცერტს, ესტუმრონ თბილისის ბაზრობას ანდა გოგირდის აბანოს. ორივე შაბათ-კვირას დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთისა და უფლისციხის მიმართულებით, შემდეგ კი კახეთში (სიღნაღი).

ზამთრის სკოლა უწინარესად განკუთვნილია გერმანიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარულსა და სოციალურ მეცნიერებებს სწავლობენ. თუმცა ბოლო წლებში სკოლის შემადგენლობა საერთაშორისო გახდა, ე.ი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მსურველებს, რომლებსაც დაფინანსება სხვა წყაროდან აქვთ მოპოვებული ან თვითდაფინანსებით სურთ მონაწილეობა. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური გამოყოფს დაახლოებით 10 ნაწილობრივ სტიპენდიას, რომელთა მოსაპოვებლადაც განაცხადი იტვირთება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის პორტალზე. ნაწილობრივი სტიპენდიით იფარება მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები, ასევე სკოლაში მონაწილეობის გადასახადი. დამატებით გამოყოფილია 5 ადგილი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც სხვა სახსრებით უზრუნველყოფენ თავიანთ მონაწილეობას ზამთრის სკოლაში. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა სწავლისა და კვლევის სფერო მჭიდროდაა დაკავშირებული ზამთრის სკოლის თემატიკასთან და რომელთა სამოტივაციო წერილში მკაფიოდ იქნება დასაბუთებული, როგორ გამოიყენებენ ისინი ზამთრის სკოლაში მიღებულ ცოდნას მომავალში. ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება რამდენიმე (3-5) ქართველ სტუდენტსაც.

მონაწილეობის გადასახადი ამჯერად 600 ევროა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიატებისთვის, სხვა სახსრებით უზრუნველყოფილი მონაწილეებისთვის კი გადასახადი შეადგენს 300 ევროს. თანხა სრულად უნდა იქნეს ჩარიცხული უნივერსიტეტის ანგარიშზე სკოლის დაწყებამდე. გადარიცხვისას დამატებული ხარჯები მონაწილეებმა თვითონ უნდა გაიღონ. მათ თვითონ უნდა იზრუნონ თბილისში დაბინავებაზეც (AirBnB, Booking.com). სურვილის შემთხვევაში სკოლის ორგანიზატორი დაეხმარება მათ სასტუმროების, ბინებისა და მასპინძელი ოჯახების მოძებნაში. ბინის ქირა და კვების ხარჯები მონაწილეებმა თვითონ უნდა დაფარონ. სკოლა არ უზრუნველყოფს მონაწილეებს დაზღვევით.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა ინგლისურ ან გერმანულ ენაზე შედგენილი სრული დოკუმენტაცია (ტაბელარული ბიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ლექტორის რეკომენდაცია) უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 1 დეკემბრამდე მისამართზე: levan_tsagareli@iliauni.edu.ge.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ზამთრის სკოლის ორგანიზატორს, პროფ. ლევან ცაგარელს იმავე მისამართზე.

2023

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები