მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 2025 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია.

გონკურის პრემია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მათ შორის, რომლებსაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც არჩევანის უფლება აქვთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ლაურეატის გამოცხადების ოფიციალური ცერემონიის ორგანიზებას, ამზადებს პრიზს. უნივერსიტეტმა უზრუნველყო პირველი ლაურეატის, ფრანგი მწერლის, ჟან-ლუკ კოატალემის რომანის „წილი და ხვედრი შთამომავლის“ თარგმანი და გამოცემა. ნაწარმოების მთარგმნელს, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩს, ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტ გოჩა ჯავახიშვილს ფრანგულენოვანი რომანის ქართულ ენაზე საუკეთესო თარგმანისთვის გამომცემლობა „აგორამ“ გერონტი ქიქოძის პრემია გადასცა.

2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟან-ლუკ კოატალემი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესზე მოიწვია. მწერალი ქართველ მკითხველს შეხვდა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც მას გიგა იაკობაშვილის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცა.

ქართველი ახალგაზრდების მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე არჩევანი დაემთხვა გონკურის აკადემიის არჩევანს – ერვე ლე ტელიეს  „ანომალია“ (Hervé Le Tellier, L’Anomalie, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი), მუჰამედ მბუგარ სარის „ადამიანთა ყველაზე საიდუმლო მეხსიერება“ (Mohamed Mbougar Sarr, La plus secrète mémoire des hommes), ჟან-ბატისტ ანდრეას „იზრუნო მასზე“ (Jean-Baptiste Andrea, Veiller sur elle) და კამელ დაუდის „ჰურიები“ (Kamel Daud, Houris).

ქართველი ფრანკოფონების 2022 წლის რჩეული გახდა ქლოე კორმანის რომანი Les presque sœurs „თითქმის დები“. ნაწარმოებს თარგმნიან რომანული ფილოლოგიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები მარიამ ღლონტი და გიორგი ქურდაძე.

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველები გააკეთებენ არჩევანს იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც გონკურის აკადემიამ 2025 წელს კონკურსის მესამე ტურში შეარჩია:

Emmanuel Carrère – Kolkoze

Laurent Mauvigner – La maison vide

Nathacha Appanah – La nuit au cœur

Caroline Lamarche – Le bel obscur

კონკურსის ორგანიზებას ყოველ წელს ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.

სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული

დრო: 13 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები