ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

პროექტი „ილიაუნი+“ – მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ დისტანციურ კურსებზე

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბთან ერთად აცხადებს პროექტის „ილიაუნი+“ შემოდგომის სემესტრის მონაწილეების შესარჩევ კონკურსს.

პროექტი განკუთვნილია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. წელს პირველად შემოდგომის სემესტრის მიღებაზე პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსაც. 

კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები უნივერსიტეტისგან მიიღებენ სრულ დაფინანსებას და გაივლიან ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსებიდან ერთ-ერთს – ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისები, ნარატივ დიზაინი, ICT პროექტების მართვა, Wordpress და Python დეველოპმენტი. 

ლექციები სინქრონულ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება (Synchronous distance learning) Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ რეალურ პროექტებზე. ამ პროცესში მათ მენტორობას გაუწევენ კიბერლაბორატორია უნილაბის პრაქტიკოსი ლექტორები.  

ფინალური პროექტებიდან ჟიური თითოეული მიმართულების ერთ საუკეთესო პროექტს გამოავლენს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ავტორ(ებ)ს სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოებს.   


 პროექტის ეტაპები

Პროექტი ტრადიციულად ორ ეტაპად განხორციელდება – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.

პირველი ეტაპი 

პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა გექნებათ მოიპოვოთ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან უნილაბის 7 პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთის გასავლელად: 

კურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი მოამზადებს ფინალურ პროექტს და მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში გადავა პროექტის მეორე ეტაპზე.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით რეალური პროექტის განხორციელებას. 

პროექტის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან და განახორციელებენ რეალურ პროექტებს.

პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო პროექტების ავტორებს გადასცემს სასტიპენდიო ვაუჩერებს. ამასთან მხარს დაუჭერს შერჩეული პროექტების შემდგომ განვითარებას.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს; ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. 


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება, დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ კანდიდატები გაივლიან მომდევნო შესარჩევ ეტაპს და პირველ სამ ლექციაზე სატესტო დავალებებს შეასრულებენ. შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის ღირებულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს. 


კურსების სააპლიკაციო ფორმები

  • ციფრული კომუნიკაციების კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/4k8nersp 
  • Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისების კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/743xd4rm 
  • ნარატივდიზაინის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/bbz27n28 
  • გრაფიკული დიზაინის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/455yr5zd 
  •  Python დეველოპმენტის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/3bf53kmk 
  • Wordpress-ის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/63pmvk73 
  • ICT პროექტების მართვის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: https://tinyurl.com/zka2h4v9 

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განსახორციელებლად;
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება, გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში;
  • მოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხარდაჭერა.


პროექტის ილიაუნი+” შესახებ  

პროექტი „ილიაუნი +“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2015 წლიდან ხორციელდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით. 

საწყის ეტაპზე პროექტი ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობდა არაანაზღაურებადი სტაჟირების ფორმატში სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სამსახურის თანამშრომლების ჩართულობით ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ციფრული კომუნიკაციები, ღონისძიებების მენეჯმენტი, მარკეტინგული აქტივობები და სხვ. პროექტის მონაწილეთაგან საუკეთესოები კი 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გადიოდნენ ამავე სამსახურში.

2019 წლის შემოდგომის სემესტრში პროექტი შეცვლილი კონცეფციითა და ევექსთან თანამშრომლობით განხორციელდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ დაფინანსება და პრაქტიკოსი ლექტორებისგან 3-თვიანი პრაქტიკული კურსების ფორმატში საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაუფლებოდნენ ისეთ თანამედროვე პროფესიებს, როგორებიცაა: გრაფიკული დიზაინი, Front-end პროგრამირება, ვორდპრეს დეველოპმენტი, ციფრული მარკეტინგი. სწავლების ნაწილის დასრულების შემდეგ კი ემუშავათ რეალურ პროექტებზე. საუკეთესო პროექტების ავტორები სასტიპენდიო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა კიბერლაბორატორია უნილაბი, პროექტი ყოველ სემესტრში ხორციელდება უნილაბის პრაქტიკოსი მენტორების ჩართულობით და ილიაუნის სტუდენტებისთვის შეთავაზებული კურსების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

2021 წლის შემოდგომის სემესტრში ასარჩევი პრაქტიკული კურსების რაოდენობა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბმა 8-მდე გაზარდა (ციფრული კომუნიკაციები, ნარატივდიზაინის პრაქტიკული კურსი, გრაფიკული დიზაინი, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისები, პითონ დეველოპმენტი, ვორდპრეს დეველოპმენტი, ICT პროექტების მართვა). პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა კი ილიაუნის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსაც ექნებათ. 

2015 წლიდან დღემდე პროექტს 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. 

2021 წელი

 

ბანერები