ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში მეორე ნაკადის სკოლების შერჩევა იწყება

სემინარები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში პირველ ეტაპზე 25 სკოლა შეირჩა, რომელშიც უკვე 7 თვეა მოსწავლეებს კურსები სხვადასხვა მიმართულებით უტარდებათ.

2021 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მეორე ნაკადის რეგისტრაცია იწყება, ამჯერად ტექნოლოგიური კლუბების ქსელს 30 ახალი საჯარო სკოლა შემოუერთდება.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში - სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებს და კურიკულუმს, სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის და საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.


ვის შეუძლია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანება?

შეირჩევა ის სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. სკოლებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.


როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/67rG3vB7NEf52ox8A

შენიშვნა: მეორე ეტაპზე შეირჩევა 30 სკოლა.

კლუბი გათვლილია 15-18 წლის მოსწავლეებისთვის.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/TechClubsNetwork

ელფოსტა: info@techclubs.ge

ტელ: 551 615 111- ტრენინგების კოორდინატორი ნათია ცხოვრებაშვილი

2021 წელი

 

ბანერები