ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

კონკურსი პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით დოქტორანტურის სასტიპენდიო პოზიციებზე

I. კონკურსის გამოცხადება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროექტი კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით ჩაატარონ სადოქტორო კვლევა პრაქტიკულ ფილოსოფიაში. დოქტორანტ სტუდენტებს ეყოლებათ ხელმძღვანელები და ჩაატარებენ კვლევას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თბილისი, საქართველო) და მიუნსტერის უნივერსიტეტში (მიუნსტერი, გერმანია) (კვლევის პერიოდი მიუნსტერის უნივერსიტეტში მთლიანობაში შეადგენს მაქსიმუმ 12 თვეს).

ერთობლივი სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს სასწავლო ღონისძიებებს, როგორიცაა სემინარები და საზაფხულო სკოლები. დოქტორანტის კვლევას უხელმძღვანელებენ ორივე უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც შესაბამის სფეროში გამორჩეული ექსპერტები არიან. სადოქტორო პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ დოქტორანტს დოქტორის ხარისხი მიენიჭება მიუნსტერის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მხოლოდ ერთი დისერტაციის საფუძველზე. ცხადდება ორი სადოქტორო სტიპენდია პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagen Stiftung) დაფინანსებით გაიცემა სრული სტიპენდია (თვეში 500 ევროს ოდენობით). საკვლევი ვიზიტები გერმანიაში (წელიწადში 4  თვე) დაფინანსდება დამატებითი სტიპენდიით (თვეში 900 ევროს ოდენობით).

II.  საკვლევი თემები

 ერთობლივი პროგრამის საერთო თემაა დაძაბული ურთიერთმიმართება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და რელიგიას შორის. შესაძლებელია დაფინანსდეს მორალურ და პოლიტიკურ თეორიებთან და სამართლის ფილოსოფიასთან დაკავშირებული საკვლევი თემების ვრცელი ნაირსახეობა. ამგვარად, კვლევითი პროექტები შესაძლებელია ფოკუსირდეს აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე და იკვლევდეს კლასიკურ ფილოსოფიურ შეხედულებებს რელიგიის, მორალის, პოლიტიკისა და საზოგადოების ურთიერთმიმართებაზე, ან სამართლებრივი პრინციპების ნორმატიულ საფუძვლებზე, რომლებიც არეგულირებენ რელიგიის როლს საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ,

კონკრეტული თემები წინასწარ არ არის განსაზღვრული და განმცხადებლებმა უნდა შემოგვთავაზონ მათ მიერ შერჩეული საკვლევი თემა.

 III.  კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  მაგისტრის ხარისხი (უმჯობესია ფილოსოფიის ან პროგრამის საკვლევ თემებთან დაკავშირებული სხვა მიმართულებებით);
  • ენობრივი კომპეტენცია:
    • ინგლისური ენის ფლობა უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მინიმუმ B2 დონეზე.

 ან ალტერნატიულად

    • გერმანული ენის ფლობა უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მინიმუმ B2 დონეზე. ამ შემთხვევაში ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B1 დონეზე მაინც დარჩება აუცილებელ წინაპირობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.
  • მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის ვისი მშობლიური ენა არ არის ქართული: ქართული ენის ფლობა უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიხედვით მინიმუმ B2 დონეზე აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად და უნდა დაამტკიცოს შესაბამისი ენის გამოცდით.
  • სრული დროის დათმობა: ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მონაწილეებმა თავიანთი სრული სამუშაო დრო უნდა დაუთმონ სადოქტორო პროექტს. სტიპენდიის სანაცვლოდ მონაწილეებისგან მოითხოვება უარის თქმა სადოქტორო პროექტის პარალელურად სხვა დამატებითი არააკადემიური დასაქმების შესაძლებლობებზე.

 გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სოციალურ-ეკონომიკური ან/და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კანდიდატების მონაწილეობა განსაკუთრებით სასურველია და ერთნაირი კვალიფიკაციის, ცოდნის და უნარ-ჩვევების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში მათ მიენიჭებათ შედარებითი უპირატესობა.

კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა მხარს უჭერს ყველა მონაწილის თანაბარ შესაძლებლობებსა და მათ ჩართულობას, მიუხედავად სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის თუ იდეოლოგიის, შეზღუდული შესაძლებლობის თუ ქრონიკული დაავადების, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობისა. ზემოთ ნათქვამი მიზნად ისახავს წაახალისოს მოწყვლადი ჯგუფები და სპეციალური საჭიროების მქონე პირები.

IV. განაცხადის წარდგენა და ვადები

  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ყველა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ინგლისურის გარდა სხვა ენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებულ ინგლისურ თარგმანთან ერთად.
  • განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელ-ფოსტის მისამართზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge

კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „Application DHR”. 

  • საკონკურსო დოკუმენტაცია (იხ. ქვემოთ VI.) უნდა გაერთიანდეს და აიტვირთოს PDF ფორმატში (მხოლოდ ერთი დანართის სახით!). სხვა ფორმატის ფაილები არ განიხილება.
  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საქართველოს დროით (GET).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი და კონკურსის ვადებში მიღებული განაცხადები.

 

V. შერჩევის პროცედურები

1. წინაშესარჩევი ეტაპი

 განხილული იქნება სრულყოფილი განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს. წინაშესარჩევი ეტაპი ეფუძნება მხოლოდ სააპლიკაციო დოკუმენტებს. წინაშესარჩევი ეტაპის დასრულებისთანავე ყველა აპლიკანტი ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს შეტყობინებას.

შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ გასაუბრების თარიღის შესახებ.

2. გასაუბრებები/ენის გამოცდა

 შემდეგი ეტაპი შედგება წინაშესარჩევ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან პერსონალური გასაუბრებისგან. გასაუბრება ჩატარდება უნივერსიტეტის მუდმივმოქმედ კომისიასთან. კანდიდატები, რომლებიც გასაუბრების ეტაპს გადალახავენ, საჭიროებისამებრ დაენიშნებათ გამოცდა ენაში.

აპლიკანტების შესახებ ყველა სახის ინფორმაცია განსახილველად გადაეგზავნება მიუნსტერის უნივერსიტეტს. საბოლოო კანდიდატების შერჩევაზეც თანხმობას აცხადებს მიუნსტერის უნივერსიტეტი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კანდიდატები გაივლიან დამატებით გასაუბრებას მათ კომისიასთან. შედეგების შესახებ ინფორმაცია აპლიკანტებს ეგზავნებათ ელ-ფოსტით და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

3. დოქტორანტურაში მიღება

მას შემდეგ რაც კანდიდატი დაადასტურებს მიღებულ შემოთავაზებას, დაიწყება ჩარიცხვის პროცედურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

*იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება უცხოური (არაქართული) საგანმანათლებლო დოკუმენტაცია: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა დამოკიდებულია რელევანტური აკადემიური ხარისხის სერტიფიკატების და მათი დანართების (ნიშნების ფურცელი, შეფასების სქემები და ა.შ.) აღიარებაზე საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. მიღება ვერ განხორციელდება თუ ნებისმიერი მიზეზის გამო სერტიფიკატები და მათი დანართები არ იქნება აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

VI. მოთხოვნილი დოკუმენტაცია

სრულყოფილი განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისაგან:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმულარი
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • კვლევითი განაცხადი (Exposé), რომელიც აღწერს შემოთავაზებული საკვლევი თემის რელევანტურობას, საკვლევ კითხვებს, მეთოდოლოგიას, კვლევის დროით გეგმას, წყაროებს, ლიტერატურის მიმოხილვას (10-15 გვერდი)
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები/დიპლომები და მათი დანართების ასლები (ნიშნების ფურცელი, შეფასებისი სქემა და ა.შ.)
  • არსებობის შემთხვევაში: რელევანტური პუბლიკაციების სია და აბსტრაქტები
  • მინიმუმ ორი აკადემიური რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა ფლობდეს მინიმუმ დოქტორის ხარისხს)
  • ინლისური ენის სამუშაო ენად არჩევის შემთხვევაში: ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის (CEFR) ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატიდან ერთ-ერთი: TOEFL (P/BT მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points), IELTS (მინიმუმ 5.5 points), FCE ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.
    • აპლიკანტებმა, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ზემოთ აღნიშნული სერტიფიკატებიდან ერთ-ერთს უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე. გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა 100 ქულიდან.
  • გერმანული ენის სამუშაო ენად არჩევის შემთხვევაში: გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის (CEFR) ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატიდან ერთ-ერთი: TestDaF (Test Deutsch als Fremdsprache), DSH (Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang), ZOP (Zentrale Oberstufenprüfung), KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom), GDS (Großes Deutsches Sprachdiplom) ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი.
    • აპლიკანტებმა რომლებიც ვერ წარმოადგენენ ზემოთ აღნიშნული სერტიფიკატებიდან ერთ-ერთს უნდა დაადასტურონ გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნა გერმანული ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე. გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა 100 ქულიდან.
    • გარდა ამისა წარმოსადგენია:   ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ   B1   დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატიდან ერთ-ერთი: TOEFL (P/BT მინიმუმ 437 points; I/BT მინიმუმ 41 points), IELTS (მინიმუმ 4 points), FCE ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B1 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდაზე მიღებული მინიმუმ 40 ქულა 100 ქულიდან.
 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები