ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიქაელ ქვანტეს „პრაგმატული ანთროპოლოგიის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

15 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება მიქაელ ქვანტეს წიგნის „პრაგმატული ანთროპოლოგია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე ავტორი ქართველ მკითხველს წარუდგენს პრაქტიკული ფილოსოფიის საკუთარ მონახაზს და პასუხს გასცემს მათ შეკითხვებს.

მიქაელ ქვანტე ახალი თაობის გერმანული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან პირველად ყურადღება 1993 წელს მიიქცია მონოგრაფიით „ქმედების ჰეგელისეული ცნება”, რომელიც მისივე დისერტაციას წარმოადგენდა. წიგნში მან ჰეგელის პრაქტიკულ ფილოსოფიას ერთ-ერთმა პირველმა მიუყენა ანალიტიკური ფილოსოფიიდან აღებული ცნებების ჩარჩო და აჩვენა, რაოდენ პროდუქტიული იყო კლასიკოსის გადმოთარგმნა თანამედროვე თეორიის ენაზე. ჰეგელის შტუდირებას ამის შემდეგაც აგრძელებდა, რისი მთავარი შედეგიც არის 2011 წელს გამოცემული მონოგრაფია „გონის სინამდვილე”, რომელიც სპეკულატიური ფილოსოფოსის ცენტრალური ცნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თანამედროვე განხილვას შეიცავს. გერმანული სააზროვნო ტრადიციის განხილვის გაგრძელებას წარმოადგენს ქვანტეს მრავალრიცხოვანი გამოკვლევები მარქსის შესახებ, მათ შორის: „მარქსის გზამკვლევი” (2015) და „შეურიგებელი მარქსი” (2018).

გარდა ამისა, ქვანტე ინტენსიურად მუშაობს ისეთ აქტუალურ სფეროებსა და საკითხებზე, როგორებიცაა: ბიოეთიკა, სოციალური სახელმწიფოს ფილოსოფიური გააზრება, პიროვნების ფილოსოფია. მისი მთავარი ინტერესი პრაქტიკული ფილოსოფიის სფეროა, რომელშიც ის კლასიკური გერმანული ფილოსოფიური მიდგომების გათვალისწინებისა და თანამედროვე ანალიტიკური დისკუსიების სინთეზს გვთავაზობს. წინამდებარე წიგნი, „პრაგმატული ანთროპოლოგია“, 2018 წელს გამოქვეყნდა და ის მნიშვნელოვანწილად აერთიანებს და თავს უყრის მიქაელ ქვანტეს სისტემატურ ფილოსოფიურ ინტერესებს.

დრო: 15 ივლისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები