მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ შემაჯამებელი შეხვედრა

ახალი ამბები

30-31 ივლისს გორში (სასტუმრო „სოლო გრანდი“, სოფელი ქვემო ბოშური) პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ (#CIF-2023-04) ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ CIF ფონდის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ზურაბ ზურაბაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან დარახველიძე, ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროექტის წევრები და სტუდენტები. პროექტში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორი სალვადორ სიმო (კატალონიის უნივერსიტეტი) და კვლევითი პროფესორი მარია კაპანაძე (ბარსელონის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი).

შეხვედრაზე განიხილეს  პროექტის შედეგები. მოეწყო რვა სასწავლო ლაბორატორია, რომლებშიც ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  და სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამების 100-ზე მეტმა სტუდენტმა  გაიარა პრაქტიკა და დაეუფლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18+ ზრდასრულებთან მუშაობის კომპეტენციებს. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდნენ ხუთ საერთაშორისო ტრენინგში და საუკეთესო სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. გარდა ამისა, დასაქმების კანდიდატები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში − 10  და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში − 10) აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის სხვადასხვა აქტივობაში, რისთვისაც მათ გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

განახლდა სასწავლო სილაბუსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამებზე; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა ახალი სასწავლო მოდულები, რომლებიც კონცენტრირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდებთან მუშაობაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე შემუშავდა უწყვეტი განათლების მინიმოდული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებთან მომუშავე ორგანიზაციების სოციალური მუშაკებისათვის.

ითარგმნა საერთაშორისო ლიტერატურა (1000-მდე გვერდი), გამოიცა ორი საერთაშორისო პუბლიკაცია იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში (Disabilities 2025, 5(3), 61; https://doi.org/10.3390/disabilities5030061) და ოქსფორდის გამოცემაში. სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნატა ახალმოსულიშვილმა პროექტის შედეგების გაანალიზებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი „ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროდუქტიული აქტივობების ეკოსისტემის მოდელის წარმატებები და გამოწვევები“.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან მაყაშვილის ექსპერტობით შეიქმნა სასწავლო ვიდეოები და განხორციელდა თანამონაწილეობითი კვლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასაქმების კანდიდატებთან ერთად ორივე უნივერსიტეტში, რომლის შედეგადაც მოეწყო ფოტოვოისის გამოფენა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის მდგრადობის საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მოხდა დასაქმებული კანდიდატების უნარების ტრანსფორმაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში. მოეწყო სოციალური მუშაობის სტუდენტური პროექტის „სტუდკასტის“ პრეზენტაციაც, რომლის წამყვანიც იყო დავით კვირკველიძე, პროექტის  დასაქმების ერთ-ერთი კანდიდატი [https://www.youtube.com/channel/UClpSPTQeQ8qZ-cNU3BEVPgQ].

პროექტის შედეგები წარმოდგენილია ვებგვერდზე: https://learninglabs.iliauni.edu.ge/ 

პროექტის შესახებ

პროექტი (CIF-2023-04) განხორციელდა საქართველო I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით (2023 წლის 1 სექტემბერი − 2025 წლის 1 აგვისტო).

2025

ბანერები