ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ნანა დიხამინჯიასა და ანა კორძაია-სამადაშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ჩხოროწყუ, 22 თებერვალი

ღონისძიებები

22 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუს მუნიციპალური კულტურის ცენტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების ასოცირებული პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ნანა დიხამინჯიას შესახებ 

ნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. ის ამავდროულად ხელმძღვანელობს კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას. პროფესიით მათემატიკოსი ოც წელზე მეტია პროგრამირების მიმართულებით მუშაობს.

ანა კორძაია-სამადაშვილის შესახებ 

ანა კორძაია-სამადაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. ის პროფესიით ლიტერატურათმცოდნე და მრავალი პუბლიკაციის ავტორია. დღეს თავისუფალი ჟურნალისტისა და მთარგმნელის სტატუსით თანამშრომლობს „ლიტერატურულ გაზეთთან“, ლიტერატურულ ჟურნალებთან – „არილი“ და „ახალი საუნჯე“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და შვედურ ენებზე.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავსს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2020 წელი

ბანერები