ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

„ჩეხოვი.რეპეტიცია“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ახალი ამბები

8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშებს სპექტაკლს „ჩეხოვი.რეპეტიცია“.

სპექტაკლის პრემიერა საფრანგეთში, ლიმოჟის თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალზე (Le Festival l'Union des écoles de Théâtre) შედგა 2016 წლის ივნისში.

ანტონ ჩეხოვის ოთხ მოთხრობაზე - „ამოუცნობი ნატურა“, „მიამიტი“, „ბოროტმზრახველი“ და „მომგებიანი ბილეთი“ - რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ სამ სტუდენტთან ერთად, რომელთათვის „ჩეხოვი.რეპეტიცია“ დებიუტია.

სპექტაკლს ერთგვარი რეპეტიციის ფორმა აქვს - თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად დადგმა გადაწყვიტეს. ვერ შეეჭიდნენ რა მის პიესებს, სამუშაო მასალად მოთხრობები აიღეს და მუშაობას შეუდგნენ. არც ფული აქვთ, არც გამოცდილება, მაგრამ მაინც არ ეშვებიან განზრახულს. დამწყები მსახიობების მიერ დანახული ჩეხოვის მოთხრობის სევდიანი და ირონიული ღიმილით სავსე სამყარო ჩვენ თვალწინ ნელ–ნელა სპექტაკლის კონტურებს შეიძენს.

სპეციალურად ფესტივალის უცხოელი სტუმრებისათვის, სპექტაკლი გაიმართება სუბტიტრებით ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

დრო: 8 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები