ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გამოცხადდა კონკურსი Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS ფარგლებში

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
 
პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში  სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.
 
Erasmus Mundus Action 2 პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის 2011 წელს დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიოტინგენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით შექმნილი კონსორციუმი.
 
- კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:
- გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი
- ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
- ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია
- გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
- სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვედეთი
 
განაცხადების მიღება დაიწყება 2012 წლის 20 აგვისტოს და გაგრძელდება 10 ოქტომბრამდე.
 
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბროშურები და ვებ-გვერდი.
 
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F 315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge).

ბანერები