საჯარო ლექცია კობოს გამომწვევი, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ
ხუთშაბათს, 21 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია კობოს გამომწვევი, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა ნინო მუსერიძემ.
მსოფლიო მასშტაბით, 18 - 24 იანვარს, იმართება კიბოს საწინააღმდეგო კვირეული, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შეხვედრები და ლექცია-სემინარები სიმსივნესთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც საუბარი იყო კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების მექანიზმზე, გართულებებზე, ჩვენებებსა თუ უკუჩვენებებზე. განიხილებოდა ვაქცინაციის მნიშვნელობა, დიაგნოსტიკის პრობლემები, მკურნალობის ტაქტიკა და შედეგები.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბო, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, მეორე ადგილზეა ( ძუძუს კიბოს შემდეგ ). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2007 წელს საქართველოში 254 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კბო, რომელთაგან 85 უკვე გარდაიცვალა. მსგავსი სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად, 2010 წლიდან საქართველოში იგეგმება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია. საერთაშორისო სამედიცინო კვლევების თანახმად, ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის სამი დოზის შემდეგ ოცდახუთი წლის განმავლობაში ადამიანი 100% - ით დაცულია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსისგან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვაქცინა დაიცავს არა მხოლოდ დედებს, არამედ მათ მომავალ შვილებსაც.
კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში უკვე ათვისებული და აპრობირებულია და საქართველოშიც ნელ-ნელა მკვიდრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუკი პოლიომიელიტისა და ყვავილის დამარცხება შეძლეს წინასწარი ვაქცინაციით, სრულიად შესაძლებელია, საშვილოსნოს კიბოს დამარცხებაც