ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მოთხრობების კონკურსი სამეცნიერო თემაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში და მის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა.

პროექტის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ (''Science is the Captain, and practice the soldiers'') არის ინსპირირებული.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით 2020 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე) ევროპის 30 ქვეყნის 160-ზე მეტ ქალაქთან ერთად სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს მოთხრობების კონკურსს „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“ (სამუშაო თარგმანი: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“)მეცნიერების თემაზე.

კონკურსის ჩატარებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მწერალთა სახლი.
მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევისა და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც ევალებათ ლიტერატურული ნაწარმოების (მოთხრობა) შექმნა სამეცნიერო თემატიკაზე.

ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;
II ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;
III ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გახსნის ცერემონიაზე,
27 ნოემბერს.

კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მწერალთა სახლის ვებგვერდზე (http://writershouse.ge/geo/new/1506).

ბანერები