მცხეთის ახალ ტურისტულ მარშრუტებს ჩვენი სტუდენტები შეიმუშავებენ
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებმა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისგან ახალი შეთავაზება მიიღეს. შეთავაზება გულისხმობს სტუდენტების მიერ შემუშავებულ პროექტებს რეგიონალური ტურიზმის განსავითარებლად და მცხეთის ტურისტული მარშრუტის ახლებულად დაგეგმარებას.
"ტურიზმის დეპარტამენტს აკლია კადრები და აქ იგრძნობა პოტენციალი მომავალი კვალიფიციური თანამშრომლებისა", - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონმა პეტრე კანკავამ 30 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე. კონფერენციის მთავარი თემა იყო ძველი თბილისის ტურისტული პერსპექტივები. 30 -მდე პრეზენტაციაში სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის ნაშრომები, კერძოდ: ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული ძეგლების მდგომარეობა, ეკოლოგიური პრობლემები ძველ თბილისში, ძველი ქუჩების განვითარების პერსპექტივები და ა.შ. სტუდენტების ხედვით, ძველი თბილისი უნიკალური ტურისტული სივრცეა და მისი ისტორიული სახის აღდგენა და ფუნქციურად დატვირთვა ხელს შეუწყობს ძველი თბილისის, როგორც მიმზიდველი ტურისტული ობიექტის პოპულარიზაციას.
როგორც ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად არჩვაძემ განაცხადა, ამ კონფერენცისათვის სტუდენტების მიერ შემუშავებული ძველი თბილისის ტერიტორიის მარშრუტები საინფორმაციო დაფების სახით დამონტაჟდება დედაქალაქში.გამოფენა- კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორის, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის კობა არაბულის განცხადებით, ძველი თბილისის მთელი ხიბლი სწორედ მის სიძველეშია, ამიტომაც უნდა მოხდეს ისტორიული სახის აღდგენა ნამდვილი ძველი თბილისისა, იმ თბილისისა, რომელსაც წლების წინ ალექსანდრე დიუმამ "აღმოსავლეთის პარიზი" უწოდა.
კონფერენციის დასასრულს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პეტრე კანკავამ სტუდენტები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ მათი ხედვა გამოყენებული იქნება დედაქალაქის განვითარებაში.