”ლიგამუსის” წყალბურთელები ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა კლუბი "ლიგამუსი" საქართველოს ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ გუნდს უფლება აქვს, განაცხადი შეიტანოს ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის მისაღებად. 2009 წლის 8 - 10 ივლისს საქართველოს წყალბურთის ასოციაციისა და საწყალოსნო ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 20 წლის განმავლობაში პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში, ჩატარდა წყალბურთის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს პირველობისთვის ."ლაგუნა ვერეზე" გამართულ წყალბურთელთა შეჯიბრში სულ 4 კლუბი მონაწილეობდა: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გუნდი - "ლიგამუსი 1" და "ლიგამუსი 2" , კლუბი "დინამო" და კლუბი "ივერია".სამდღიანი დაძაბული ასპარეზობის განმავლობაში გუნდი "ლიგამუსი 1" მუდმივად ლიდერობდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ფინალურ შეხვედრაზე "ლიგამუსი 1" -ის წყალბურთელებმა "ივერიის" მოთამაშეებს სძლიეს ანგარიშით 22 : 8 და დამსახურებულად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. მეორე ადგილზე "ლიგამუსი 2 " გავიდა, ხოლო მესამეზე - "დინამო".ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, მიმდინარეობს სახსრების მოძიება გამარჯვებული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასაგზავნად.