ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

FC CIU 0:5 MFC ILIAUNI / 2023-24 წწ. სეზონი V ტური

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

8 ნოემბერს, ოთხშაბათს, MFC ILIAUNI კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. მოწინააღმდეგე ფავორიტის სტატუსით გამოვიდა მოედანზე. ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით – 5-0 მოახერხა მატჩის მოგება.

საინტერესოა, რომ ქუთაისთან მატჩის მსგავსად პირველი ორი გოლის გატანა 30-წამიან ინტერვალში შევძელით. ანგარიში გიორგი ტიკურიშვილის გადაცემის შემდეგ ეფექტური დარტყმით გიორგი დიაკვნიშვილმა გახსნა (02:00’). ზედიზედ მესამე მატჩია, რაც დიაკვნიშვილს გოლი გააქვს. 25-ე სათამაშო წამზე კი ბორის ესებუას მოგერიებული ბურთი მოწინააღმდეგის ბადეში ეხვევა და ანგარიში ხდება 2:0 (02:25’). პირველი ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ჩვენი გუნდის ეფექტურ კონტრშეტევას შედეგი მოჰყვა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – გიორგი დიაკვნიშვილის კარგი გადაცემა ლაშა კურტანიძემ გოლად აქცია – 3:0 (12:59’).

გამორჩეულად კარგი მატჩი ჰქონდა ჩვენს მეკარეს, გურამ ბალხამიშვილს, რომელმაც არაერთი რთული დარტყმის მოგერიება შეძლო. მატჩის მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენი მეკარის კარგმა პერფორმანსმა და მოთამაშეების კონცენტრირებულმა, გუნდურმა თამაშმა ანგარიშის მშრალად შენახვისა და 5-მდე გაზრდის შესაძლებლობა მოგვცა. ლაშა კურტანიძემ ჯერ საგოლე გადასცა გიორგი დიაკვნიშვილს (31:57’, დუბლი), ხოლო შემდეგ ბორის ესებუას გადაცემით თავადაც დუბლი მიითვალა (34:20’).

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

15 ივლისს მორიგი მატჩი წალენჯიხის წინააღმდეგ გაიმართება.

ფუტსალის უმაღლესი ლიგის მატჩები ყოველკვირეულად იმართება. კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე: t.ly/egjOS

მატჩის ოქმი: t.ly/IULBP

2023



ბანერები