


ტრენინგი მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის „აქტიური სწავლება ამობრუნებულ საკლასო ოთახში“
ახალი ამბები
6-8 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S507) ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი გამართავს ტრენინგს „აქტიური სწავლა ამობრუნებულ საკლასო ოთახში“.
კურსის მიზანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალის მომზადება, რათა შეძლონ თავიანთი სასწავლო კურსების დაგეგმვა ან/და განახლება ე.წ. ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობითი სწავლის (Community of Inquiry) ხელშემწყობი მიდგომები, აქტიური სწავლის (Active Learning) ტექნიკები და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოები.
ტრენინგის მონაწილეები განსაზღვრავენ თავიანთი ციფრული პედაგოგიური კომპეტენციის (Digital Pedagogical Competence) დონეს; იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროში ციფრული წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის; შეიტყობენ, რა უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს როგორც ონლაინსწავლებისას, ისე სააუდიტორიო მეცადინეობის პირობებში და რატომაა ის უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული ლექცია; გააცნობიერებენ, რატომ არის აქტიური სწავლის ტექნიკების დანერგვა მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში და რამდენიმე მათგანს შეარჩევენ თავიანთი კურსებისთვის.
ტრენინგების მონაწილეები შეძლებენ გამოსცადონ (Learning by Doing) ელექტრონული სწავლების პორტალის Moodle/elearning შესაძლებლობები სხვადასხვაგვარი დავალების შესაქმნელად, შემდეგ მოამზადებენ/განაახლებენ თავიანთი სასწავლო კურსის გეგმას სასწავლო დიზაინის ABC (ABC Learning Design) გამოყენებით და შეეცდებიან, უზრუნველყონ მასში სტუდენტთა სოციალური, კოგნიტიური, პედაგოგიური და ემოციური მონაწილეობა.
ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი.
წინაპირობები:
- სასურველია, მონაწილეებს თან ჰქონდეთ ლეპტოპი ან პლანშეტი.
- მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარეგისტრირებული იყვნენ ელექტრონული სწავლების პორტალზე elearning.iliauni.edu.ge.
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
დრო: დრო: 6,7 და 8 მაისი |18.00 საათიდან 20 საათამდე,
ტრენინგის ხანგრძლივობა − 6 საათი (დღეში 2 საათი)
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქ. N3
2025