ტრენინგი „აქტიური სწავლა ამობრუნებული საკლასო ოთახში“ დოქტორანტებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დოქტორანტებისთვის აცხადებს მიღებას ტრენინგზე „აქტიური სწავლა ამობრუნებული საკლასო ოთახში“. ტრენინგი გაიმართება კიბერლაბორატორია „უნილაბში“ (T კორპუსი) 11, 15 და 16 ოქტომბერს, 19:00-დან 21:00 საათამდე.
ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი.
კურსის მიზანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალის მომზადება, რათა შეძლონ სასწავლო კურსების დაგეგმვა ან განახლება ე.წ. ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობითი სწავლის (Community of Inquiry) ხელშემწყობი მიდგომები, აქტიური სწავლის (Active Learning) ტექნიკები და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოები.
ტრენინგის მონაწილეები
- განსაზღვრავენ თავიანთი ციფრული პედაგოგიური კომპეტენციის (Digital Pedagogical Competence) დონეს;
- იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროში სწავლებისა და სწავლისთვის ციფრული წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ;
- გაიგებენ, რა უპირატესობები აქვს ამობრუნებულ საკლასო ოთახს როგორც ონლაინსწავლებისას, ისე სააუდიტორიო მეცადინეობის პირობებში და რატომაა ის ტრადიციულ ლექციაზე შედეგიანი;
- გააცნობიერებენ, აქტიური სწავლის ტექნიკების დანერგვა რატომ არის მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში და რამდენიმეს შეარჩევენ თავიანთი კურსებისთვის.
ტრენინგზე ასევე მოისინჯება (Learning by Doing) ელექტრონული სწავლების პორტალის Moodle/elearning შესაძლებლობები სხვადასხვაგვარი დავალების შესაქმნელად.
შემდეგ მონაწილეები მოამზადებენ/განაახლებენ სასწავლო კურსის გეგმას სასწავლო დიზაინის ABC (ABC Learning Design) გამოყენებით და შეეცდებიან, უზრუნველყონ მასში სტუდენტთა სოციალური, კოგნიტიური, პედაგოგიური და ემოციური მონაწილეობა.
სასურველია, ტრენინგის მონაწილეს თან ჰქონდეს ლეპტოპი ან პლანშეტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირებული იყოს ელექტრონული სწავლების პორტალზე elearning.iliauni.edu.ge.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/bW7fhYwM77kzU6GN9
2024