ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2021 წლის შეჯიბრებაში

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით მეხუთე საერთაშორისო შეჯიბრებაში (17-19 ივნისი, 2021).

კონკურსის შესახებ

ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრება დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური გუნდები  ეჯიბრებიან  ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები წევრ-სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. 

სასარგებლო ბმულები

საქართველო  ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია  ეჯიბრებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი  კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) გამართული  2018 წლის შეჯიბრის გამარჯვებულია, ხოლო საქართველოს გუნდის წარმომადგენელი გახდა ჰასელტის უნივერსიტეტში (ბელგია) ჩატარებული 2019 წლის შეჯიბრების საუკეთესო სპიკერი.  მე-5 საიუბილეო შეჯიბრება უნდა გამართულიყო 2020 წლის ივნისში თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მასპინძლობით. თუმცა პანდემიის გამო შეჯიბრება გადაიდო და 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება. მას  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უმასპინძლებს.

2021 წლის შეჯიბრების სიმულაციური საქმის თემატიკაა დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, „მობილური“ დასაქმებული, დასვენების დრო და კოლექტიური ხელშეკრულების გავრცელება თვითდასაქმებულებზე.   

მონაწილეობის პირობები

სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 იანვრისა საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსის ეტაპები  

  • წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;
  • ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და, ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის;
  • შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება;[1]
  •  გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა;  
  •  ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრება ევროპული კავშირის შრომის სამართალში; 
  • მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრების შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.

[1] გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

ბანერები