ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სამეწარმეო იდეების კონკურსი

კონკურსები

25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IEEE სტუდენტური კლუბისა და IEEE მე-8 რეგიონის სამეწარმეო ინიციატივის ორგანიზებით გაიმართება ვირტუალური პიჩინგის კონკურსი Solution 2.0.

IEEE მე-8 რეგიონის სამეწარმეო ინიციატივა 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ინიციატივის საბოლოო მიზანია ახალგაზრდა ინოვატორებისა და სტარტაპერების წახალისება, რათა აღმოაჩინონ გლობალური მეწარმეობის შესაძლებლობები, მიიღონ ცოდნა მენტორების დანიშვნით, გააფართოონ კონტაქტები, გამორჩეული იდეების ავტორებს დაუფინანსონ სხვადასხვა საერთაშორისო სამეწარმეო ღონისძიებაში მონაწილეობა.

ვირტუალური პიჩინგის ლოკალური კონკურსი 24 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. საქართველოში კონკურსი მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IEEE სტუდენტური კლუბისა და IEEE მე-8 რეგიონის სამეწარმეო ინიციატივის ელჩის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ლიზი კვირიკაშვილის ორგანიზებით.

Solution 2.0 – ლოკალურ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ინოვატორული იდეა, გადაწყვეტა თუ სტარტაპი, რომელთა მიზანია მდგრადი განვითარება.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

შერჩეულ მონაწილეთა იდეებს შეაფასებს ადგილობრივი ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან:

  • ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი;
  • შალვა ოთანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი;
  • ნატო ჩაკვეტაძე, 500 Startups-ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, IEEE STEM ელჩი;
  • თამარ საბელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

საერთაშორისო პრიზი:

  • ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო იდეის ავტორი საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს IEEE Region 8 Entrepreneurship Initiative Pitch 2022-ში, ასევე რამდენიმეთვიან მენტორშიფის პროგრამაში;
  • IEEE Region 8 entrepreneurship Initiative Pitch 2022-ის 5 გამარჯვებული გუნდი 24 ქვეყნიდან მიიღებს ფულად პრიზს ($500) და სრულ დაფინანსებას საერთაშორისო Techne Summit 2022-ში მონაწილეობისთვის.

ლოკალური პრიზი

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აწესებს 1500 ლარის ოდენობის სპეციალურ პრიზს, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისაგან დაკომპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს.
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო აწესებს 1500 ლარის ოდენობის სპეციალურ პრიზს, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებისგან სრულად ან ნაწილობრივ დაკომპლექტებულ  რჩეულ გუნდს გადასცემს.

ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე Solution 2.0 ონლაინ გაიმართება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 15 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 5.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

ლოკალური ღონისძიება ჩატარდება ქართულად, თუმცა, იმის გამო, რომ სამივე გამარჯვებული გუნდის იდეის ამსახველი ვიდეო უნდა გაეგზავნოს IEEE Region 8 Entrepreneurship Initiative Pitch 2022-ის ორგანიზატორებს, თითოეული გუნდიდან ერთ წევრს მაინც უნდა შეეძლოს პრეზენტირება ინგლისურად.

რეგისტრაცია:

მონაწილეობისთვის შეავსეთ მოცემული ფორმა: https://forms.gle/Mep2yfGNjbjs9L5Q6

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • აპლიკაციების მიღების პერიოდი: 5 ნოემბერი - 21 ნოემბერი;
  • აპლიკაციების მიღების ბოლოო ვადა: 21 ნოემბერი, 23:59 საათი
  • ონლაინ პიჩინგის კონკურსის თარიღი: 25 ნოემბერი, 19:30 საათი, დისტანციურ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.

იხილეთ IEEE Region 8 Entrepreneurship Initiative წინა ღონისძიება: https://bit.ly/3BMUJla

2021 წელი

 

ბანერები