ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ონლაინგამოცემა On.ge-ის კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

კონკურსები

ონლაინგამოცემა On.ge და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს პროექტს „რჩეული“, რომლის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება. 

ამ მიზნით უკვე მესამედ ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებს. 

თუ ხართ ცნობისმოყვარე, გიტაცებთ ჟურნალისტიკა, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა. 

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან ონლაინგამოცემა On.ge-ის რედაქციაში. 

შერჩეულ სტუდენტებს დაევალებათ ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიების თარგმნა ქართულ ენაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისათვის. პროექტში მონაწილეობისთვის ჟურნალისტური გამოცდილება აუცილებელი არ არის.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მასში მონაწილე ორი სტუდენტი On.ge-ის სარედაქციო ჯგუფს შეუერთდა და დაიწყო ჟურნალისტური კარიერა.

ამას გარდა, კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები 

  • შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას ჟურნალისტიკის სფეროში და შეძლებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში; 

  • შეიძენენ რედაქტორთან მუშაობის გამოცდილებას, რომლის დროსაც მიიღებენ რჩევებსა და უკუკავშირს მათ მიერ დაწერილ თითოეულ ტექსტზე დაყრდნობით;

  • მიიღებენ On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს; 

  • პროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას თვეში 300 ლარის ოდენობით.

სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა განთავსდება On.ge-ის ვებგვერდზე.  

რა იქნება ჩემი ფუნქციები და მოვალეობები პროექტის ფარგლებში?

●      სხვადასხვა თემატიკის მოცულობითი სტატიების თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულზე;

●      ნათარგმნი სტატიების მორგება ქართულ რეალობასა და ქართველი მკითხველის ინტერესებზე;

●      საჭიროების შემთხვევაში ცალკეული სტატიისთვის დამატებითი ინფორმაციის მოძიება;

●      რედაქტორის შენიშვნებზე მუშაობა და კომენტარების გათვალისწინება;

●      სურვილის შემთხვევაში საკუთარი სიღრმისეული და ანალიტიკური სტატიების მომზადება.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, შეასრულოთ საკონკურსო დავალება და ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმაში ბმულზე: https://bit.ly/37RvbIe

 საკონკურსო დავალება 

The Conversation-ის სტატიაში მიმოხილულია 5 გზა, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, გაუმარტივონ შვილებს სახლიდან სწავლის პროცესი.

თქვენ გევალებათ:

  • სტატიაში განხილული 5 რჩევიდან აარჩიოთ ის 3 რეკომენდაცია, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად დააინტერესებს ქართველ მკითხველს და თარგმნოთ შესაბამისი ტექსტი;

  • მოიფიქროთ შესავალი, რომელიც რელევანტური იქნება როგორც თქვენ მიერ ნათარგმნი რჩევებისთვის, ასევე საქართველოში შექმნილი რეალობისთვისაც, და ეს შესავალი წაუმძღვაროთ სტატიას; 

  • დაასათაუროთ სტატია. 

ნაწერის შეფასებისას ყურადღება მიექცევა:

  • Რამდენად ბუნებრივად ებმის შესავალი სტატიაში განხილულ რჩევებს;

  • რამდენად აქტუალურია ტექსტი ქართველი მკითხველისთვის;

  • რამდენად ზუსტად და შინაარსის დაუმახინჯებლადაა შესრულებული თარგმანი;

  •  რამდენად გამართულადაა დაწერილი ტექსტი როგორც გრამატიკულად, ასევე სტილისტურად.

 ვორდის ფაილი დაასათაურეთ შემდეგი პრინციპით: თქვენი სახელი, გვარი და სიტყვები „საკონკურსო დავალება“.

აპლიკაციის შესრულებისა და დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი

აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/37RvbIe

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ნოემბრის პირველ ნახევარში. 

გისურვებთ წარმატებას!


 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ

k.chartolani@on.ge

pr@iliauni.edu.ge

ბანერები