კონკურსი არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
კონკურსები
„რომ ჩამოდიხარ მთის ძირში, ხვდები, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომლებიც შეიძლება ბევრად რთული იყოს“ - არჩილ ბადრიაშვილი
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია სტუდენტებში ალპინიზმის კვლევის მიმართ ინტერესის წახალისება, ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია.
ილიაუნის „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის, არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია 2024 წელს დააფუძნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. არჩილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით.
არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო მსოფლიოს ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით.
კონკურსის წლევანდელი თემაა საქართველოს მთების მრავალფეროვნება. გამარჯვებულ სტუდენტს სრულად დაუფინანსდება ერთწლიანი სწავლის საფასური (2250 ლარის ოდენობით).
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს;
- კანდიდატი უნდა იყოს მთიანი რეგიონიდან;
- უნდა წარმოადგინოს პროექტის სამუშაო მონახაზი ალპინიზმის თემაზე (ბლოგი, ვლოგი, კვლევა, ფოტო/ვიდეორეპორტაჟი).
კონკურსის ეტაპები
პირველი ეტაპი: დოკუმენტების წარდგენა
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ ბიოგრაფია და სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება სტიპენდიის მიღების სურვილი და სამუშაო მონახაზი ხედვის შესახებ, რომლის განვითარებასაც გეგმავს სტუდენტი სტიპენდიის მხარდაჭერით.
მეორე ეტაპი: ინტერვიუ შერჩეულ კანდიდატებთან
შერჩეული კანდიდატები დარგის სპეციალისტებს გასაუბრებაზე გააცნობენ ხედვას, რას გააკეთებენ სტიპენდიით გათვალისწინებულ ერთწლიან პერიოდში.
მესამე ეტაპი: გამარჯვებულის გამოვლენა
კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმები:
- პროექტის ორიგინალურობა
- ცოდნა ალპინიზმის შესახებ
- მოტივაციის არგუმენტირებული დასაბუთება
განაცხადის პროცედურა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/seighuCJUtGbrZESA
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი, 23:59 საათი
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული სახით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
2025