ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და On.ge-ის სტაჟირების კონკურსი დამწყები ჟურნალისტებისთვის

კონკურსები

ონლაინგამოცემა On.ge და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს პროექტს „რჩეული“. პროექტისთვის შერჩეულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება.

ამ მიზნით უკვე მეოთხედ ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსისა და მიმართულების მოქმედ სტუდენტებს.

თუ ხართ ცნობისმოყვარე, გიტაცებთ ჟურნალისტიკა, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან ონლაინგამოცემა On.ge-ის რედაქციაში. მათ დაევალებათ ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიების თარგმნა და საავტორო სტატიების წერა ისეთ თემებსა და საკითხებზე, რომლებიც თავად აინტერესებთ.

პროექტში მონაწილეობისთვის ჟურნალისტური გამოცდილება აუცილებელი არ არის.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

„რჩეულის“ წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ On.ge-ში დღეს პროექტის სამი მონაწილეა დასაქმებული.

ამას გარდა, კონკურსით შერჩეული სტუდენტები

  • შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას ჟურნალისტიკის სფეროში და შეძლებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას;
  • შეიძენენ გამოცდილებას რედაქტორთან მუშაობისას, რომლის დროსაც მიიღებენ რჩევებსა და უკუკავშირს მათ მიერ ნათარგმნ თუ დაწერილ თითოეულ ტექსტზე დაყრდნობით;     
  • მიიღებენ On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • პროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს თვეში 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას.

სტუდენტების მიერ მომზადებული მასალა განთავსდება On.ge-ის ვებსაიტზე და გაზიარდება სოციალურ მედიაში.

რა იქნება ჩემი ფუნქციები და მოვალეობები პროექტის ფარგლებში?

  • სხვადასხვა თემატიკის მოცულობითი სტატიების თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულზე;
  • ნათარგმნი სტატიების მორგება ქართულ რეალობასა და ქართველი მკითხველის ინტერესებზე;
  • საავტორო სტატიების წერა;
  • რედაქტორისგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობა და კომენტარების გათვალისწინება.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, შეასრულოთ საკონკურსო დავალება და ვორდის ფაილი ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმაში ბმულზე: https://forms.gle/wmz8Bv7jYEQenGtG6

საკონკურსო დავალება

The Conversation-ის სტატიაში მიმოხილულია 3 გზა, თუ როგორ წავიდეთ საზაფხულო მოგზაურობაში ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის საფრთხეები.

თქვენ გევალებათ:

  • თარგმნოთ სტატიის სათაური;
  • სტატიის შესავალი ჩაანაცვლოთ თქვენ მიერ დაწერილი 3 აბზაცით, რომლებიც მორგებული იქნება ქართულ რეალობასთან, ამასთან ბუნებრივად მიებმება სტატიაში განხილულ საკითხებს;
  • თარგმნოთ სტატიაში განხილული მოგზაურობის 3 ფორმა.

ნაწერის შეფასებისას ყურადღება მიექცევა:

  • რამდენად ბუნებრივად ებმის შესავალი სტატიაში განხილულ საკითხებს;
  • რამდენად აქტუალურია შესავალი ქართველი მკითხველისთვის;
  • რამდენად ზუსტად და შინაარსის დაუმახინჯებლად არის თარგმნილი;
  • რამდენად გამართულადაა დაწერილი ტექსტი როგორც გრამატიკულად, ასევე სტილისტურად.

ვორდის ფაილს დაარქვით სახელი შემდეგი პრინციპით: თქვენი სახელი, გვარი და სიტყვები „საკონკურსო დავალება“.

აპლიკაციის შევსებისა და დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 4 ოქტომბერი, 2021

აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/wmz8Bv7jYEQenGtG6

გისურვებთ წარმატებას!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ

k.chartolani@on.ge

pr@iliauni.edu.ge

2021 წელი

 

 

ბანერები