ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში

ღონისძიებები

8 ნოემბერს, პარასკევს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე.

აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

  • თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები –  B და C;
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;
  • დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

  • ჯგუფი, რეზუსი, ფენოტიპი
  • B და C ჰეპატიტი, სიფილისი, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი

ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;

თან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.

დრო: 8 ნოემბერი, 11:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: 
  • ილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)
  • ილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)

2024

ბანერები