ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“

ღონისძიებები

24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ლიგამუსი"  გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამსტერდამის უნივერსიტეტის, კენტის უნივერსიტეტის, სლოვენიური ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მკვლევარები.

კონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით.

კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. გიგა ზედანია, პროფ. ბელა წიფურია. 

კონფერენციის პროგრამა

ილია ჭავჭავაძე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში აღიარებულია, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაციონალური ფიგურა, ნაციონალური პოეტი, თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობის შემქმნელი, საქართველოში თანამედროვე სეკულარული სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამამკვიდრებელი, კულტურული სივრცის საკრალური ფიგურა /კულტურული წმინდანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ილია ჭავჭავაძისთვის პატივის მიგების ტრადიცია მის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღევანდელ საქართველოშიც გრძელდება. მისი გარდაცვალებიდან 110 წლის განმავლობაში თვით ყველაზე ურთიერთგანსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური თუ კულტურული დისკურსები საკუთარი ლეგიტიმაციისთვის ილიას მემკვიდრეობას მიმართავენ. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული ტექსტები მრავალგვარი, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის საგანი ხდება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ილია ჭავჭავაძის ფიგურა და კულტურული, ნაციონალური, იდეოლოგიური, პოლიტიკური დისკურსები საქართველოში; ილიას ტექსტის ინტერპრეტაცია; კულტურული ფიგურების სარკალიზაცია ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში; ტრანსნაციონალური მიდგომა ეროვნული მოძრაობებისა და მათი ლიდერებისადმი; ევროპა და საქართველო ილიას შემდგომ.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 24-25 ოქტომბერი, 2017

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები